საქართველოში ხანძარს კიდევ ორ ლოკაციაზე ებრძვიან

© Sputnik / Federal Forestry Agency / გადასვლა მედიაბანკშიხანძარი ტყეში
ხანძარი ტყეში - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
გამოწერა
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი ამ დრომდე გრძელდება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ტყის მასივში ცეცხლი გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ალპურ ზონასთან ახლოს ფოთლოვანი ხის ქვედა საფარს უკიდია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. თუმცა რთული რელიეფის გამო ხანძრის ტერიტორიაზე ვერ ხერხდება სპეციალური ტექნიკის მიყვანა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი და გავრცელების არეალი ამ დროისათვის უცნობია.
ასევე აქტიურად გრძელდება ცეცხლის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები ბორჯომი–ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში.
ეროვნული პარკის კიდეზე ხანძრის ახალი კერა გუშინ გაჩნდა. ხანძრის ქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, ჩართულია ავიაცია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა მუშაობა დილიდან განაახლა.
ქართველი სინოპტიკოსების პროგნოზით, კვირის ბოლომდე საქართველოს ტერიტორიაზე უნალექო ამინდი და 40-გრადუსიანი სიცხეა მოსალოდნელი.
ყველა ახალი ამბავი
0