პროკურატურა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საქმეების კონტროლს აძლიერებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
გამოწერა
საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილული საქმეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურაში შეიქმნა დეპარტამენტი, რომელიც ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის მიერ განსახილველი საქმეებით იქნება დაკავებული.
ახალი დეპარტამენტის მოვალეობებში შევა ასეთი საქმეების კონტროლი და ასევე სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არსებობის 12 წლის მანძილზე საქართველოს პროკურატურამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინსტიტუტის განვითარებაში. უწყებამ მხარი დაუჭირა ყველა ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლო იურისდიქციის გაფართოებას.
2021-2022 წლების მონაცემებით, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილული საქმეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ამ საქმეებზე მომუშავე პროკურორთა ჯგუფის გაძლიერების აუცილებლობა.
ამ მიზნით საქართველოს გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით შეიქმნა დეპარტამენტი, რომელიც სასამართლო პროცესებში დიდი გამოცდილების მქონე პროკურორებით დაკომპლექტდა.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოს ექვს დიდ ქალაქში 2010 წლიდან ფუნქციონირებს და მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს იხილავს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ნაფიცი მსაჯულები ამომრჩეველთა სიიდან ირჩევიან. სასამართლო მაქსიმუმ 12 ადამიანისგან შედგება.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა არ უნდა იყოს ექვს ადამიანზე ნაკლები იმ შემთხვევაში, თუ საქმე ნაკლებ მძიმე დანაშაულს ეხება; რვა ადამიანზე ნაკლები – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში; ათ ადამიანზე ნაკლები – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში.
საბრალდებო ვერდიქტის გამოსატანად ხმათა სამი მეოთხედია აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებული უდანაშაულოდ უნდა იყოს ცნობილი. განსაკუთრებით მძიმე საქმეში კი განაჩენის გამოტანისას სასამართლო უნდა შედგებოდეს 12 კაცისგან და ვერდიქტი აუცილებლად ერთსულოვანი უნდა იყოს.
ყველა ახალი ამბავი
0