ოპოზიციამ გაამხილა, რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს გენპროკურორის არჩევის წესში ცვლილებას

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
გამოწერა
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიები: „ლელო", „სტრატეგია აღმაშენებელი" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გენპროკურორის არჩევის წესში ცვლილებას მხარს დაუჭერენ, თუ საარჩევნო ბარიერის დაწევის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს ხმათა 3/5-ის უმრავლესობით აირჩევს 6 წლის ვადით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა ამ რაოდენობას ვერ მოაგროვებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ ერთი წლის ვადით. რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ის მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებასა და ბარიერის შემცირებას ითვალისწინებს. როგორც ოპოზიციური პარტია „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ ცვლილებას საკანონმდებლო ორგანომ მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა, რის შემდეგაც კანონპროქტის მეორე მოსმენით განხილვა, ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, აღარ მომხდარა.

„თუ მმართველი პარტია ცდილობს, რომ მანამდე პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები გადააგდოს და თქვას – ჯერ გენპროკურორის არჩევის წესი მივიღოთ და მერე ვნახოთ, რა იქნებაო, ცხადია, ჩვენ ამაში მათ ვერ გავყვებით", — განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, სამართლიანი იქნება, თუ „ქართული ოცნება" დადებულ პირობას სრულად შეასრულებს და არა ნაწილობრივ.
„არათანმიმდევრულია „ქართული ოცნება". ჯერ პროექტიდან ამოიღეს გენპროკურორის ნაწილი და მოსწონდათ ბარიერთან დაკავშირებული ნაწილი. ახლა თავს იკავებენ ბარიერთან დაკავშირებულ ნაწილზე და შეამოაქვთ გენპროკურორის არჩევის წესი. შეთანხმება უნდა შესრულდეს სრულად, რაც ნიშნავს იმას, რომ კენჭი უნდა ვუყაროთ ბარიერის ნაწილსაც და გენპროკურორის ნაწილსაც", — განაცხადა მანჯგალაძემ.
საუბარია გენერალური პროკურორის არჩევის იმ წესის ამოქმედებაზე, რომელიც გასულ წელს პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით შემუშავებული დოკუმენტის ფარგლებში. მაშინ გენპროკურორის არჩევის წესი საკონსტიცუციო ცვლილებების პროექტის სახით წარედგინა პარლამენტს, თუმცა პროექტის პირველი მოსმენით მიღებისას აღნიშნული წესის მიღებაზე უარი თქვეს.
ყველა ახალი ამბავი
0