თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2022
გამოწერა
სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დასაფინანსებლად თანხა გაიცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტების 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე.
სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებები 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღება. დაფინანსება შეეხება თბილისში რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველ ყველა სტუდენტს სწავლების ყველა საფეხურზე, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს.

„გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებული იქნება სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში (არაუმეტეს 1.125 ლარი) 50%, 70% ან 100% დაფინანსება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, აღნიშნული პროგრამით პირველკურსელი სტუდენტებიც ისარგებლებენ.
სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის მიხედვით, ასევე გაიცემა ფინანსური წახალისება სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული მაგისტრანტებისთვის (თბილისის მერიის სტიპენდია).
დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: პირადი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან; ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის და წლიური გადასახადის შესახებ; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშ-ფაქტურა.
პროგრამის ფარგლებში 2021-2022 სასწავლო წელს 3.964 სტუდენტს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის 2.962 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა, ხოლო 1.038 წარჩინებულ მაგისტრანტზე თბილისის მერიის სტიპენდია გაიცა.
ყველა ახალი ამბავი
0