პრეზიდენტმა განმარტა, რის მიხედვით შეარჩია ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2022
გამოწერა
კანდიდატი უნდა იყოს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე და კონსენსუსის მატარებელი, დეპოლარიზაცია სწორედ ეს არის, განაცხადა პრეზიდენტმა
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად შეარჩია ის პირები, რომლებმაც დეპუტატთა ხმების 2/3 უნდა მოაგროვონ, რაც თავის დროზე ცესკოს მოქმედმა თავმჯდომარემ ვერ შეძლო.
რეგლამენტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერით აირჩევა. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას (76 ხმას) საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე ან წევრი გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა ექვს თვეს შეადგენს.
„ჩემი გადაწყვეტილება, რომ მესამედ არ წარმედგინა (ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე - რედ.) და წარმედგინა ის კანდიდატები, რომლებიც იყვნენ კომისიის მიერ კონკურსის ფორმით შერჩეული, ისინი წარმედგინა, როგორც ახალი კანდიდატები იმ იმედით, რომ რომელიმე მოაგროვებს ხმების იმ ორ მესამედს, რაც არის სწორედ ევროკავშირის მოთხოვნა“, - განაცხადა პრეზიდენტმა თავის მიმართვაში.
ზურაბიშვილის თქმით, კანდიდატი უნდა იყოს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე და კონსენსუსის მატარებელი, დეპოლარიზაცია სწორედ ეს არის.
ამასთან, სახელმწიფოს მეთაურმა დადებითად შეაფასა ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელის მუშაობა.
„აქაც ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ არანაირი რამე პერსონალური შეფასება მე არ მაქვს ადამიანებზე. მაქვს პროფესიონალური შეფასება და, სხვათა შორის, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის პროფესიონალიზმზე ჩემი შეფასება იყო და არის ძალიან პოზიტიური. ეს საჯაროდაც ვთქვი. ამას დაეთანხმნენ ჩვენი უცხოელი დამკვირვებლებიც, რომ ის არჩევნები, რაც მან ჩაატარა, იყო სრულყოფილად ჩატარებული და მან ამ კუთხით სრულად შეასრულა თავისი ვალდებულება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოთ არა პოლიტიკური შეხედულებებით, არამედ მათი პროფესიული თვისებების შეფასებით.
ყველა ახალი ამბავი
0