„ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის პოსტზე თავის კანდიდატს არ წამოაყენებს

© courtesy of Georgian Dreamმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2022
გამოწერა
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატს არ წამოაყენებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მას მეორედ არჩევა არ შეუძლია. ახალი კანდიდატის შესარჩევად პარლამენტში მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ კი საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად 80 წარმომადგენელი ჰყავს.

„საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას და ამას მივანდობთ ოპოზიციურ სუბიექტებს და სამოქალაქო სექტორს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ამასთან მან დაასახელა ის ერთი პირობა, რომლის არსებობის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ კანდიდატის წამოყენების უფლებას მაინც დაიტოვებს.
„გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როცა შეიძლება ადგილი ჰქონდეს ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით. თუ პირს შეკრავენ ოპოზიციური სუბიექტები და არ წარადგენენ არცერთ კანდიდატურას, რათა პროცესი დაიბლოკოს, ევროკავშირის რეკომენდაციების პუნქტი არ შესრულდეს და ვერ მოხდეს არჩევა. ეს თუ მოხდება ხელოვნურად, მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიტოვებთ წარდგენის უფლებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ პროცესში კანდიდატის წარდგენის გზით არ ჩავერთვებით“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, ევროკავშირის მე-12 რეკომენდაცია ეხებოდა სახალხო დამცველის არჩევის პროცედურას. რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის პროცესში პრიორიტეტული უნდა იყოს პირის დამოუკიდებლობა, ხოლო თავად პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე.
მდინარაძემ სახალხო დამცველის კანდიდატების შეფასების კრიტერიუმებზეც ისაუბრა:
1.
ნებისმიერ პირს ექნება უფლება, შეიტანოს განაცხადი სახალხო დამცველის კანდიდატობაზე.
2.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრეებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეაფასებს თითოეულ კანდიდატს რეგლამენტში გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით.
3.
ამის შემდეგ კანდიდატებს ამ შეფასებებით წარუდგენენ საპარლამენტო სუბიექტებს, რომლებმაც, თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უნდა წარუდგინონ სახალხო დამცველობის სულ მცირე შვიდი კანდიდატურა. მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული არ იქნება.
მდინარაძის თქმით, კენჭისყრა გაიმართება არაუგვიანეს 2022 წლის 1 დეკემბრისა.
სახალხო დამცველი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დამცველ ფართო უფლებამოსილებების მქონე დამოუკიდებელ ინსტიტუტს.
აპარატის წარმომადგენლებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ციხეებსა და სხვა დახურულ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში - პანსიონატებში, კლინიკებში და ა.შ.
გარდა ამისა, სახალხო დამცველს უფლება აქვს, წარადგინოს რეკომენდაციები და შენიშვნები კანონპროექტებთან დაკავშირებით, მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამოთქვას აზრი „სასამართლოს მეგობრის“ სახით კონკრეტულ პროცესზე, მოითხოვოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0