გორში ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა

© photo: Sputnik / Stringerვაშლი
ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2022
გამოწერა
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას განახორციელებს.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. შიდა ქართლის ფერმერებს სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციაში დაეხმარება – გორში ამუშავდა შტაბი, რომელიც ამ პროცესს გაუწევს კოორდინაციას, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საკოორდინაციო შტაბის წევრებთან პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა და „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოში, ძირითადად შიდა ქართლში, წელს ვაშლის უხვ მოსავალს ელოდებიან – 120 ათას ტონაზე მეტს. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ფერმერები ვაშლის ჩაბარებას ქარხნებში სექტემბრის დასაწყისიდან შეძლებენ.

„წელს დაახლოებით 40-დან 50 ათას ტონამდე არასტანდარტული ვაშლის გადამუშავება იგეგმება. მივიღეთ გადაწყვეტილება, გასული წლის მსგავსად სუბსიდირება განვახორციელოთ, რათა თითოეულმა ფერმერმა არასტანდარტული ვაშლის სრულად ჩაბარება შეძლოს და შემდგომში მისი გადამუშავება მოხდეს. პროცესში დაახლოებით 20-მდე საწარმო იქნება ჩართული“, – განაცხადა შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საწარმო, რომელიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერისგან არასტანდარტულ ვაშლს ჩაიბარებს და 1 კგ-ზე არანაკლებ 24 თეთრს გადაუხდის, სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით კილოგრამზე 10 თეთრს მიიღებს.
„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა გასულ წელსაც მოქმედებდა. ამ პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა შარშან 35 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად – ფერმერებმა 9 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოდან 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლამდე 5.308 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად – 5.282 ტონა რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა. ამას გარდა, საანგარიშო პერიოდში 20 ტონა ვაშლი უკრაინაში, 6 ტონა კი სომხეთში გავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0