რუსეთმა ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ით გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტა

  - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2022
გამოწერა
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ით ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდება ნულამდე შემცირდა, მილსადენის მუშაობა სამი დღითაა შეჩერებული საკომპრესორო სადგურ „პორტოვაიაზე“ დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო, ნათქვამია გაზსატრანსპორტო ქსელების განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის გაჩერება დაკავშირებულია „პორტოვაიაზე“ დარჩენილი ერთადერთი მოქმედი გაზის სატუმბი აგრეგატის გეგმიურ შეკეთებასთან, რასაც „გაზპრომისა“ და Simens-ის სპეციალისტები განახორციელებენ. გერმანულ კომპანიას, ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად, ყოველ ათას საათში ევალება აგრეგატის მომსახურება: კორპუსის შემოწმება და გაწმენდა, უსაფრთხოების სარქველების შემოწმება და ჰაერის ნაკადის კონტროლის სისტემის რეგულირება.
მილსადენის სამდღიანი გათიშვის გამო ევროპა თითქმის 100 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ გაზს ვერ მიიღებს, რაც რეგიონის მიწისქვეშა საცავების ორდღიან შევსებას შეესაბამება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აგრეგატის ტექნიკური გამართულობის შემთხვევაში, გაზის მიწოდება აღდგება დღეში 33 მილიონ კუბურ მეტრამდე.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში გაზის საბირჟო ფასმა ათას კუბურ მეტრზე 3.500 დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია მიმდინარე წლის მარტიდან. ევროპის ბაზრებზე ფასების ასეთი ზრდა დაკავშირებულია მიწოდების გაურკვევლობასთან.
„ჩრდილოეთის ნაკადი-1“ ივნისის შუა რიცხვებიდან ფუნქციონირებს შეზღუდვებით, ივლისის ბოლოდან კი მხოლოდ 20%-ით არის დატვირთული. რუსული მხარის განცხადებით, მიწოდების შემცირება ანტირუსული სანქციებითაა განპირობებული. მათი თქმით, სანქციებმა Siemens-ის გაზის სატუმბი აგრეგატების შეკეთებასთან დაკავშირებით პრობლემები წარმოშვა. ამ დროისათვის მაგისტრალის მუშაობას მხოლოდ ერთი ტურბინა უზრუნველყოფს, რომელიც სამი დღით გაჩერდა.
ყველა ახალი ამბავი
0