ექიმების გაფრთხილება: ბროკოლი და მწვანე ჩაი შეიძლება ჩუმ მკვლელებად გექცეთ, თუ...

© Pixabay / Tumisuექიმი ანგელოზის ფრთებით
ექიმი ანგელოზის ფრთებით - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
გამოწერა
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ბევრი პროდუქტი, რომელიც ჯანსაღ საკვებადაა შეფასებული, ძირითადად პოზიტიურად მოიხსენიება, თუმცა ზოგი მათგანი, კერძოდ, ბროკოლი და მწვანე ჩაი, რომლებისგანაც სასწაულებრივ ეფექტს ელოდებიან, გადაჭარბებული დოზით შეიძლება ნამდვილ შხამად იქცეს, ნათქვამია გამოცემა Ensonhaber-ის პუბლიკაციაში.
თავიანთი მოსაზრების დასტურად გამოცემის ექსპერტებს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პარაცელსის სიტყვები მოჰყავთ: „ყველაფერი შხამია და ყველაფერი — წამალი: ერთსაც და მეორესაც დოზა განსაზღვრავს“.
ისინი ასახელებენ ხუთ პროდუქტს, რომლებიც, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება „ჩუმ მკვლელებად“ იქცნენ ორგანიზმისთვის.

ჭარხალი

ჭარხალმა, მიუხედავად ისეთი დადებითი თვისებებისა, როგორებიცაა საჭმლის მონელების გაუმჯობესება და სისხლში „ცუდი ქოლესტერინის“ დონის დაქვეითება, ჭარბი რაოდენობით მიღებისას შეიძლება ზიანი მიაყენოს ორგანიზმს. მაგალითად:
მაღალი მჟავიანობის გასტრიტის დროს კუჭის მჟავიანობა კიდევ უფრო გაზარდოს;
დიდი რაოდენობით კალციუმის ოქსალატის შემცველობის გამო დაამძიმოს შარდკენჭოვანი დაავადების მქონეთა მდგომარეობა;
ოსტეოპოროზის შემთხვევაში ხელი შეუშალოს კალციუმის ათვისებას. ამიტომ ასეთ დროს ჯობს ჭარხალი საერთოდ არ მიირთვათ.

ციტრუსების წვენი

ციტრუსის წვენები მდიდარია C ვიტამინით და ცნობილია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით. მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ ციტრუსებისა და მისი წვენის მოყვარულ ადამიანებს მელანომის რისკები აქვთ. ამ რისკს ზრდის ბუნებრივი ნაერთები — ფსორალენები, რომლებიც ულტრაიისფერ სხივებს შთანთქავს. ამან კი შეიძლება დნმ-ის დაზიანება გამოიწვიოს.
თუმცა ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ციტრუსებში შემავალი ფსორალენები თავისთავად არ იწვევს მელანომას. ამისათვის საჭიროა ფსორალენებისა და ულტრაიისფერი სხივების მნიშვნელოვანი ზემოქმედების კომბინაცია. მარტივად რომ ვთქვათ, თუ სოლარიუმში წოლის პარალელურად მუდმივად გრეიპფრუტის წვენს მიიღებთ, საკუთარ ჯანმრთელობას გაცილებით მეტ ზიანს მიაყენებთ.

შავი შოკოლადი

შავი შოკოლადის შესანიშნავი გემოს მიღმა თირკმელებისთვის საზიანო კადმიუმი იმალება. მართალია, ის სხვა მავნე მძიმე ლითონებთან შედარებით (მაგალითად, დარიშხანთან) ნაკლებად საზიანოა, მაგრამ კადმიუმის ხანგრძლივი ზემოქმედება, თუნდაც მცირე რაოდენობით, შეიძლება საშიში იყოს, რადგან ის ორგანიზმში გროვდება. კადმიუმის გადამუშავებას კი ათიდან ოცდაათ წლამდე სჭირდება. საკვების მეშვეობით კადმიუმის ჭარბი ზემოქმედება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თირკმელების ჯანმრთელობაზე.
ამას გარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შოკოლადში შემავალი დამატკბობლები, შაქარი და საღებავები ზრდის ისეთი დაავადებების რისკს, როგორიცაა კიბო.
დიდი რაოდენობით შოკოლადი ნეგატიურ გავლენას ახდენს იმუნიტეტზეც. მასში შემავალი კოფეინის ჭარბი დოზა იწვევს ტაქიკარდიას, შფოთვებს, ზრდის არტერიულ წნევას. მამაკაცებში კი შეიძლება სასქესო ფუნქციების დარღვევაც კი გამოიწვიოს. გარდა ამისა, იზრდება სისხლში გლუკოზის დონე, რაც სიმსუქნესა და დიაბეტს უწყობს ხელს.
თუმცა ექსპერტები იქვე განმარტავენ, რომ შოკოლადის (ზოგადად, ტკბილეულის) რაციონიდან სრულად ამოღება საჭირო არ არის — უბრალოდ, საკუთარი თავი უნდა აკონტროლოთ და დღეში მაქსიმუმ 50 გრამი სუფთა შაქარი მიიღოთ.

ბროკოლი

ჯანსაღი დიეტების განუყოფელი ნაწილი ბროკოლი, სამწუხაროდ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე მოქმედებს. ეს იმიტომ, რომ ის ბუნებრივი გოიტროგენია — ანუ მცენარე, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას თრგუნავს და იწვევს ჩიყვის განვითარებას.
გარდა ამისა, ბროკოლი შეიცავს თიოციანატებს. ბროკოლის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში ეს ძალიან საშიში ნაერთი იწვევს წონის მატებას, თმის ცვენასა და სწრაფ დაღლილობას.
ბროკოლის ჭამა რეკომენდებული არ არის მათთვისაც, ვინც სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს სვამს. კომბოსტოს ეს ნაირსახეობა შეიცავს К-ვიტამინს, რომელსაც პრეპარატის ეფექტურობის შემცირება შეუძლია.
ექსპერტები ბროკოლის რაციონიდან ამოღებას გვირჩევენ:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლის,
ფარისებრი ჯირკვლის დაავადების,
წყლულის,
პანკრეასის ფუნქციის დარღვევის,
ფერმენტების დეფიციტის დროს.

მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტ კატექინებს. ეს ნივთიერებები კი აჩქარებენ მეტაბოლიზმს და ხელს უწყობენ წონის დაკლებას, აძლიერებენ გულს და ხელს უშლიან კიბოს უჯრედების წარმოქმნას. თუმცა არსებობს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მწვანე ჩაის ხშირი სმა სრულად იკრძალება ან მნიშვნელოვნად იზღუდება:
ნაღვლის ბუშტში კენჭების დროს;
კუჭისა თუ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას.
ასეთ შემთხვევებში დასაშვებია დღეში ერთი ან ორი ფინჯანი მწვანე ჩაი კვებებს შორის.
გარდა ამისა, ექსპერტები მწვანე ჩაის არ ურჩევენ ათეროსკლეროზისა და ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებს. საქმე ისაა, რომ მასში შემავალი თეოფილინი და კოფეინი ცენტრალურ ნერვულ სისტემას აღაგზნებს. გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების შევიწროება და ტვინში სისხლის შედედება.
კოფეინის მასტიმულირებელი ეფექტის გამო მწვანე ჩაი არ უნდა სვან არც მათ, ვისაც უძილობა აწუხებს. ზოგ შემთხვევაში ერთი ფინჯანი ჩაიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ტვინმა აქტიური მუშაობა დაიწყოს, პულსი აჩქარდეს და ადამიანს ძილი გაუფრთხეს. იმისათვის, რომ უძილობა არ გამოიწვიოს, ექსპერტები ჩაის დალევას დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე გირჩევენ.
სპეციალისტების თქმით, მწვანე ჩაის მაქსიმალური რეკომენდებული რაოდენობა დღეში ოთხ ჭიქამდეა.
წყარო: Ensonhaber
ყველა ახალი ამბავი
0