„გაკვეთილები ისწავლე“: ხვიჩა კვარაცხელია ყოფილმა მასწავლებელმა სახალხოდ „დატუქსა“

© AFP 2024 / KIRILL KUDRYAVTSEVხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2022
გამოწერა
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელისა და მისი ყოფილი პედაგოგის მიმოწერა კვარაცხელიას ფოტოს კომენტარებში შედგა.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. სოციალურ ქსელში ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი ყოფილი პედაგოგის სახალისო მიმოწერა გავრცელდა.
169-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა მანანა მერაბიშვილმა სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოზე კომენტარი დაწერა:

„ხვიჩა, მარტო სირბილი ვერ გიშველის, გაკვეთილები ისწავლე“.

„ნაპოლის“ ქართველი ლეგიონერის პასუხმაც არ დააყოვნა — მასწავლებლის ხუმრობას კვარაცხელია მალევე გამოეხმაურა: „იმდენი მასწავლეთ, მანანა მას, მეყოფა მთელი ცხოვრება“.
ფეხბურთელისა და მისი ყოფილი პედაგოგის დიალოგი ამით არ დასრულებულა — მანანა მერაბიშვილმა კვარაცხელიას მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. მისი თქმით, ყოფილი მოსწავლე, „როგორი ჭკვიანიც იყო გაკვეთილზე, ისეთივე გონიერია მოედანზე“.
21 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულში იტალიურ „ნაპოლის“ შეუერთდა და გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კვარაცხელიას ლუჩანო სპალეტის გუნდში წარმატებული მოსამზადებელი სეზონი ჰქონდა, ქართველმა შემტევმა ამხანაგურ შეხვედრებში იტალიელ ქომაგზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კვარაცხელიამ იტალიის Seria A-ს ეგიდით გამართულ ორ შეხვედრაში სამი გოლის გატანა და ორი საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო. ქართველი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატში ამ დროისათვის საუკეთესო ბომბარდირია.
ყველა ახალი ამბავი
0