რადიკალური ოპოზიციის უკან აშშ-ის ელჩი დგას: „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

© US Embassy Tbilisi, Georgiaკელი დეგნანი
კელი დეგნანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2022
გამოწერა
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ იყო ჩაფიქრებული და ხელოვნურად თავსმოხვეული, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში, რომელიც საქართველოს პარლამენტის საიტზეა გამოქვეყნებული.
როგორც „ხალხის ძალის“ წევრები, დეპუტატები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი აცხადებენ, მათ მოსაზრებას ადასტურებს საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის ბოლო კომენტარები, რომლებმაც კიდევ ერთხელ გახადა „ცხადი, თუ სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან“.

„ბოლო რამდენიმე დღეა ქალბატონი დეგნანი „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით შემოგდებული მესიჯებით გველაპარაკება, რაც იმის მკაფიო დასტურია, რომ ეს მესიჯები, ისევე, როგორც პოლარიზაციის პრობლემა, სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული“, — ნათქვამია მათ განცხადებაში.

დეპუტატების წერილში ძირითადად საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებულ სკანდალზე, რომელიც მანამდე „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესატანად შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე არ მიიწვია. მაშინ აშშ-ის საელჩო „სამართლიანი არჩევნებს“ გამოექომაგა და მაღალი შეფასება მისცა მას ყველა იმ სამუშაოსთვის, რომლებიც ოდესმე ჩაუტარებია ამ არასამთავრობო ორგანიზაციას.
„ხალხის ძალის“ განცხადებით, კელი დეგნანის ნათქვამი, რომ არჩევნები სამართლიანად არავის შეუფასებია და ხალხში არჩევნების შედეგებისადმი ნდობა არ არსებობს, არის კიდეც იმის დასტური, რომ „წარუმატებელი რევოლუციური სცენარი და რადიკალური ოპოზიციის ყალბი მესიჯი არასამართლიანი და გაყალბებული არჩევნების შესახებ საელჩოშია დაწერილი“.
„ქალბატონმა ელჩმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ „ეუთო/ოდირმა“ და ყველა სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ როგორც 2020 წლის, ისე 2021 წლის არჩევნები შეაფასა როგორც „თავისუფალი და კონკურენტული, რომელშიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული“, რაც არჩევნების სამართლიანობის სინონიმია. ტერმინ „სამართლიანს“ „ეუთო/ოდირი“ თავის ანგარიშებში უკვე დიდი ხანია აღარ იყენებს<...>. როდესაც ელჩი „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით გავრცელებულ მესიჯს იმეორებს, ჩანს, რომ ხელისუფლების არალეგიტიმურობის აღქმა და რევოლუციური განწყობის ხელოვნურად ჩამოყალიბება მისთვის თვითმიზანია“, — ნათქვამია განცხადებაში.
კელი დეგნანის მეორე სამხილად „ხალხის ძალა“ ასახელებს იმ ფაქტს, რომ დიპლომატმა ახალგაზრდული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ პოლიტიკური კლიპის გავრცელების გამო „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების დაჯარიმება გააპროტესტა.

„როდესაც ასეთი კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურად დაჯარიმებას აპროტესტებ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რევოლუციური სცენარი სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული და ორგანიზებული. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ქალბატონ დეგნანს აღიარებითი ჩვენებისთვის“, — წერია განცხადებაში.

ზემოაღნიშნული განცხადების ავტორმა დეპუტატებმა „ხალხის ძალა“ აგვისტოს დასაწყისში ჩამოაყალიბეს, მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს. დეპუტატები მკაცრ წერილებს აქვეყნებენ აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანის მიმართ და ადანაშაულებენ მას საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის, „ქართული ოცნების“ დამხობისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობაში.
ყველა ახალი ამბავი
0