სროლა პოლიციელების მისამართით: ოპოზიციური პარტიის წევრს პატიმრობა შეუფარდეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
გამოძიების ვერსიით, ოპოზიციონერმა ცეცხლი პოლიციელების მიმართულებით გახსნა.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არტურ მკოიანი დამნაშავედ ცნო და მას 11 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.
შსს იუწყება, რომ იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარების საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციის თანამშრომლებმა ახალქალაქის ერთ-ერთი მცხოვრების სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა შემთხვევა ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა 23 აგვისტოს, სავარაუდოდ, პისტოლეტიდან ცეცხლი გახსნა პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. მომხდარის შემდეგ მძღოლი მიიმალა.
სამართალდამცველებმა ავტომობილის მძღოლის იდენტიფიცირება მალე მოახერხეს. ის აღმოჩნდა 36 წლის არტურ მკოიანი.
ამ საქმის ფარგლებში მის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას მკოიანი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ოთხშაბათს მკოიანი კანონის დამრღვევად აღიარა და მას 11 დღით პატიმრობა მიუსაჯა.
გამოძიება გრძელდება სსკ-ის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარების მუხლით.
შსს-ში ასევე უპასუხეს ბრიფინგს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც პარტიის წარმომადგენლებმა მკოიანის სახლში ჩხრეკას „ტერორი“ და „პოლიტიკური დევნა“ უწოდეს.
შსს-ში აღნიშნეს, რომ ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და ჩხრეკა მკოიანის სახლში საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა.
უწყებამ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს მკოიანის მიერ იარაღიდან გასროლის ფაქტი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება და ჩატარდა ჩხრეკა მის სახლში.
ყველა ახალი ამბავი
0