რატომ ეცვლებათ ქალებს ხმა პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ: ფსიქოლოგთა დასკვნა

© Pixabay / blankita_uaახალშობილი დედასთან
ახალშობილი დედასთან - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ქალს ხმა მთელი წლის განმავლობაში ეცვლება, დაასკვნეს სასექსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რომელთა ნაშრომის თაობაზე წერს ჟურნალი The Conversation.
ბრიტანელი მეცნიერები ათი წლის განმავლობაში იკვლევდნენ ქალების ხმებს მშობიარობამდე ხუთი წლით ადრე და მშობიარობიდან ხუთი წლის შემდეგ. კვლევაში 40 ქალი მონაწილეობდა, რომელთაგან 20 უკვე დედა იყო, ხოლო 20-ს არასდროს ემშობიარა.
მკვლევარებმა გააანალიზეს ქალების ხმების ჩანაწერები, როდესაც ისინი სხვებთან რაიმე თემაზე მსჯელობდნენ. მეცნიერებმა შეგნებულად თქვეს უარი ისეთ ჩანაწერებზე, რომლებშიც დედები ახალშობილ შვილებს ესაუბრებიან, ვინაიდან ამ დროს, როგორც წესი, ქალი ხმას განსაკუთრებულ ტონალობასა და სიმაღლეს აძლევს. სულ გამოკვლეული იყო 634 ჩანაწერი, რომელთა საერთო ხანგრძლივობა 277 წუთს შეადგენდა.
შედეგად გაირკვა, რომ ახალგაზრდა დედის ხმა ორსულობის შემდეგ ბევრად დაბალი და მეტად მონოტონური ხდება. ქალის ხმის საშუალო სიმაღლე პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ 5%-ზე მეტით დაბლდება.
როგორც ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, მსგავსი „ვოკალური მასკულინიზაცია“ არანაირ კავშირში არ არის დაბერებასთან, ვინაიდან ერთი წლის შემდეგ ხმა ნორმალურ მაჩვენებელს უბრუნდება.
მკვლევარები ხმაში მომხდარ გარდასახვას ჰორმონალურ ცვლილებებს უკავშირებენ, თუმცა არსებობს სხვა ვარაუდიც. კვლევის წამყვანი ავტორი, სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი კასია პისანსკაია განმარტავს:

„წინა კვლევებმა აჩვენა, რომ დაბალი ხმის მქონე ადამიანები, როგორც წესი, მეტად კომპეტენტურად და დომინანტებადაც კი მიიჩნევიან. ასე რომ, შესაძლოა, ქალები, რომლებიც აღზრდის პრობლემებს აწყდებიან, ხმებს იცვლიან, რათა უფრო ავტორიტეტულები გამოჩნდნენ“.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის ხმას შეუძლია გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ მას ირგვლივ მყოფები და ასევე განსაზღვროს კიდეც პიროვნების წარმატება გარკვეულ ვითარებაში – დაწყებული გასაუბრებიდან, დასრულებული პაემნით. რაც შეეხება მშობიარობის შემდგომ ცვლილებას ქალის ხმაში, ამას შეუძლია გავლენა მოახდინოს ქალის სოციალურ ურთიერთობებზე.
მეცნიერები აპირებენ მომავალში დეტალურად შეისწავლონ ეს საკითხი.
წყარო: The Conversation
ყველა ახალი ამბავი
0