გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები

© courtesy of National Assessment & Examinations Center of Georgiaაბიტურიენტები
აბიტურიენტები - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 26 აგვისტოს, 18:00 საათზე იწურება.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები, ასევე აბიტურიენტების გათანაბრებული და სკალირებული ქულები გამოაქვეყნა.
უწყების ინფორმაციით, შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განმარტა, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ის აბიტურიენტები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ კონკრეტულ საგანში მინიმალური ბარიერი ვერ დაძლიეს.

„არის შემთხვევები, როდესაც აპელაციის ან გათანაბრების შედეგად კონკრეტულმა აბიტურიენტმა უკვე გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და, შესაბამისად, მას კვლავ აქვს უფლება, რომ გააგრძელოს კონკურსში მონაწილეობა“, – განაცხადა მან.

გორგოძის ინფორმაციით, 116.900-ზე მეტი ნაშრომიდან 4.881 გასაჩივრდა. შეფასება შეიცვალა სულ 1.546 ნაშრომის შემთხვევაში, რაც მთელი ნაშრომების 1,32%-ია. ქულა მოემატა 1.512 ნაშრომს, ხოლო 34 ნაშრომს ქულა დააკლდა.
უწყება აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ სტუდენტობის მსურველებს დრო ხვალ, 26 აგვისტოს 18:00 საათამდე აქვთ, რათა სასურველი უნივერსიტეტი ან დაამატონ, ან პრიორიტეტების მიხედვით გადააადგილონ.
2022 წლის გამოცდებზე 41 ათასზე მეტი აბიტურიენტი, 2,5 ათასზე მეტი სტუდენტი, 9,5 ათასზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი და 34,5 ათასი მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა.
ყველა ახალი ამბავი
0