„ფორმულის“ ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია თბილისში
საპატრულო პოლიცია თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2022
გამოწერა
დღეს ტელეკომპანია „ფორმულის" გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტელეკომპანიის ცნობით, დღეს „ფორმულის“ გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ. ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ტელევიზიამ გაავრცელა.
ტელეარხის ინფორმაციით, უცნობმა პირმა ჟურნალისტ რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, დანით ემუქრებოდა და ცდილობდა თავს დასხმოდა ოპერატორს. მომხდარის შესახებ ჟურნალისტმა პოლიციას შეატყობინა. ინციდენტი თბილისში, მეტროს სადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
შემთხვევის შემდეგ განცხადება გაავრცელა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ და ხელისუფლებას მოუწოდა, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები.
ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას დანაშაულში მხილებული პირის დადგენისა და დაკავების მიზნით, ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0