თამარ მეფის გამზირზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა

© photo: Sputnikაღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების კვეთა
აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების კვეთა - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
გამოწერა
სამუშაოების ფარგლებში საგზაო კუნძულების, ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია განხორციელდა.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. თამარ მეფის გამზირზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში გამზირზე დაიხაზა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი. ასევე სრულად განახლდა საგზაო ნიშნები, შუქნიშნით რეგულირებადი „ზებრა“ გადასასვლელები და გზის გამყოფი კუნძულები.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებშიც სადგურის მოედნიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე საავტობუსე ზოლები მოეწყო, იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც დედაქალაქის მერიამ დააანონსა.

„ყველა იმ ქუჩაზე, სადაც კვლევების შემდეგ შესაძლებელი იქნება საავტობუსე ზოლების მოწყობა, ყველგან გაკეთდება, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა თავისუფლად შეძლოს გადაადგილება. თამარ მეფის გამზირი იყო ერთ-ერთი ურთულესი კვანძი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებით ეს პრობლემა მთლიანად მოგვარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა და მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. ტერიტორია სრულად ადაპტირდა შშმ პირებისთვის.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 50 მარშრუტზე 386 სატრანსპორტო ერთეულით დღის განმავლობაში დაახლოებით 3.050 დაგეგმილი მგზავრობაა, ამიტომ ამ კვანძის მოწესრიგებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ სამუშაოების შემდეგ კი მგზავრები საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეუფერხებლად გადაადგილებას შეძლებენ.
ყველა ახალი ამბავი
0