საქართველოში ენერგობირჟის გახსნა შესაძლოა მეოთხედ გადაიდოს

© photo: Sputnik / Stringerელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
გამოწერა
ელექტროენერგიით თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დაწესება დიდ რისკებს უკავშირდება, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ასამოქმედებლად ახლა, რუსეთ-უკრაინული მოვლენების ფონზე, საუკეთესო დრო არ არის, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.
ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობით საქართველოში 2022 წლის 1 სექტემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა სამჯერ გადაიდო. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ბირჟის ამოქმედება 2021 წლის 1 ივლისიდან, მაგრამ ბაზრის მონაწილეები არ აღმოჩნდნენ მზად საათობრივი ვაჭრობისთვის. ბირჟის გახსნა 2022 წლის 1 იანვრისთვის, შემდეგ კი 1 მარტისთვის გადაიდო.

„ძალიან მნიშვნელოვანია განვაცხადოთ, რომ დღეს არ არის ყველაზე კარგი დრო, რათა ბაზარი თავისუფალ სავაჭრო რეჟიმში ფუნქციონირებდეს, გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონში ყველაზე რთული ვითარებაა, თუ ოდესმე ყოფილა... საბოლოო გადაწყვეტილება 1 სექტემბერს უნდა მიიღოს მთავრობამ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ორ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორს შორის დაძაბულ ვითარებას ენერგოუსაფრთხოების საკითხები სხვა ჭრილში გადაჰყავს.
„ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ეს არის უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტების შემცველი იმ დროს, როცა ვხედავთ ძალიან არასტაბილურ, არაპროგნოზირებად ვითარებას ენერგორესურსებთან და ენერგორესურსზე მკვეთრად მომატებულ ფასებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მინისტრმა.
დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ჯერ კიდევ არის იმპორტზე დამოკიდებული და ეკონომიკის სწრაფი ზრდა შენარჩუნებულია მხოლოდ იმპორტირებული ელექტროენერგიის ხარჯზე, განსაკუთრებით, პიკურ პერიოდში.
„ევროკავშირი ამბობს, რომ არ იცის, როგორი ზამთარი იქნება. რეგიონის ბევრი ქვეყანა ძალიან რთულ ვითარებაშია და ვერ პროგნოზირებს, როგორი იქნება ფასები ან ფიზიკური უზრუნველყოფა ენერგომატარებლებით“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, სწორედ ამიტომ მომატებული რისკების შემცველია ამ შემთხვევაში თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღება ელექტრონერგიაზე, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ყველაფერი გაკეთებული აქვს ტექნიკური კუთხით.
მისი სიტყვებით, მთავრობაში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა გრძელდება.
თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრების დანერგვა არის იმ რეფორმის ნაწილი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების ფარგლებში.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომაც ენერგეტიკის სფეროში რეფორმების განხორციელება მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
სიახლე საქართველოს საშუალებას მისცემს, მეტი ინვესტიცია მოიზიდოს ენერგეტიკის სფეროში. მეტიც, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.
სიახლის თანახმად, მომხმარებლებს შეუძლიათ წინა დღეს გააკეთონ განაცხადი მომდევნო დღის ენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით. ბაზარზე იქნებიან ელექტროენერგიის მიმწოდებლები – ჰიდროელექტროსადგურები, თბოსადგურები, იმპორტიორები, რომელთაც ექნებათ ენერგია გასაყიდი, და საბაზრო ფასი მოთხოვნა–მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე ჩამოყალიბდება.
საქართველოში პირველი ენერგეტიკული ბირჟა 2019 წელს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" მონაწილეობით დაფუძნდა. თითოეულის წილი 50%-ია.
ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობის დანერგვასა და ოპერირებას საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით განახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0