„ეფ-ეს-ბემ“ დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა: დასახელდა დამნაშავე

© photo: Sputnik / Alexander Kriyazhev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
გამოწერა
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ჟურნალისტ დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილია, აცხადებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ФСБ), რომელიც ამაში უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.
რუსი ფილოსოფოსისა და „რუსული სამყაროს“ ერთ-ერთი იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დარია 20 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე დაიღუპა ავტომობილის აფეთქების შედეგად.

„დადგენილია, რომ დანაშაული მომზადდა და განხორციელდა უკრაინული სპეცსამსახურების მიერ. მისი შემსრულებელია უკრაინის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ნატალია ვოვკი“, — ნათქვამია უწყების პრეს-რელიზში.

როგორც ფედერალურ სამსახურში განმარტავენ, ვოვკი თავის 12 წლის ქალიშვილთან ერთად რუსეთში 23 ივლისს ჩავიდა და ბინა იმ სახლში იქირავა, სადაც დუგინა ცხოვრობდა. ამასთან მან ავტომობილი Mini Cooper იქირავა, რომლითაც დასდევდა ჟურნალისტს მასზე დაკვირვების მიზნით.
მკვლელობის დღეს ვოვკი და მისი ქალიშვილი იმავე ლიტერატურულ-მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, რომელსაც დარია დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა. ვოვკმა იმავე საღამოს მართვადი მოწყობილობით ააფეთქა ავტომობილი Toyota Land Cruiser Prado, რომელსაც დუგინა მართავდა. ამის შემდეგ ნატალია ვოვკმა შვილთან ერთად დატოვა რუსეთი და ფსკოვის ოლქის გავლით ესტონეთში წავიდა.
უწყების ცნობით, საქმის მასალები საგამოძიებო კომიტეტს გადაეცა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ უკრაინას არანაირი კავშირი არ აქვს დუგინას სიკვდილთან.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრ დუგინი 2015 წლიდან იმყოფება აშშ-ის სანქციების სიაში. ამის მიზეზი 2014 წლის 2 მაისის ოდესის მოვლენების შემდეგ მისი ანტიუკრაინული განცხადებები გახდა. ამ დროისათვის ალექსანდრ დუგინი, რომელზეც მძიმედ იმოქმედა შვილის სიკვდილმა, საავადმყოფოში იმყოფება.
ყველა ახალი ამბავი
0