უმუშევრობა საქართველოში შემცირდა - 2022 წლის მეორე კვარტლის მონაცემები

© photo: Sputnikმამაკაცი სკამზე
მამაკაცი სკამზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2022
გამოწერა
საქართველოში ეკონომიკურად აქტიური შრომისუნარიანი მოსახლეობის წილმა 2022 წლის მეორე კვარტალში 51,5% შეადგინა.
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოში უმუშევრობის დონემ 2022 წლის მეორე კვარტალში 18,1% შეადგინა, რაც 2022 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე 1,3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ განცხადებაში.
უმუშევრობის დონე 2022 წლის პირველ კვარტალში შეადგენდა 19,4%-ს, 2021 წლის მეოთხე კვარტალში – 19%-ს, ხოლო მესამე კვარტალში – 19,5%-ს.
უმუშევრობა ციფრებში
უმუშევრობის დონე საქართველოში 2022 წლის მეორე კვარტალში ოთხი პროცენტული პუნქტით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ის 21,1%-ს შეადგენდა.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 63 ათასი ადამიანით, ანუ 18,3%-ით 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, და 281,6 ათასი ადამიანი შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, უმუშევრობის დონე სოფლის ტიპის დასახლებებში ბევრად დაბალია ქალაქის დასახლებებთან შედარებით – 2022 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქალაქებშიცა და სოფლებშიც უმუშევრობა 3,9%-ით შემცირდა და, შესაბამისად, 20,2% და15,1% შეადგინა.
უმუშევრობის დონე, ტრადიციულად, უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში – 2022 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი მამაკაცებს შორის ოთხი პროცენტული პუნქტით შემცირდა და 20,5% შეადგინა, ხოლო ქალებს შორის 3,8%-ით და 15,0% შეადგინა.
მოსახლეობის აქტიურობა
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს შრომისუნარიანი, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მაჩვენებელმა 2022 წლის მეორე კვარტალში 51,5% შეადგინა – 0,1%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.
მშენებლობა კრედიტით: პრემიერმა ახალი პროგრამის ამოქმედების ვადა დაასახელა>>
„სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1,6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2,3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. დასაქმების დონე გაიზარდა როგორც ქალაქის ტიპის (0,9 პროცენტული პუნქტით), ისე სოფლის ტიპის (3,7 პროცენტული პუნქტით) დასახლებებში და, შესაბამისად, 42,8 პროცენტი და 41,4 პროცენტი შეადგინა“, – ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
2022 წლის მეორე კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68,4 პროცენტს შეადგენდა, რაც 0,1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
დაქირავებულთა რიცხოვნობა 2022 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 36,2 ათასი ადამიანით (4,4%) და 867,9 ათასს მიაღწია. თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19,4 ათასით გაიზარდა (5,1%) და 401,2 ათასი შეადგინა.
ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 63,0 ათასით (18,3%) და 281,6 ათასი შეადგინა. 2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 50,2 ათასი კაცით (6,1%), თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაზრდილია 18,9 ათასით (4,9%), ხოლო უმუშევართა რიცხოვნობა 8,1 ათასით არის (2,8%) შემცირებული.
აქტიურობის დონე, ქალებთან შედარებით, მაღალია მამაკაცებში. 2022 წლის მეორე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40,8%-ს, ხოლო კაცებში 64,2%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში გაზრდილია 0,1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0,5 პროცენტული პუნქტით.
ყველა ახალი ამბავი
0