ბავშვებს შინ კედლებიც კურნავს - მეცნიერებმა დაამტკიცეს გამოთქმის ჭეშმარიტება

© Pixabay / ddimitrovaმძინარე ბავშვი
მძინარე ბავშვი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2022
გამოწერა
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. კანის ბაქტერიული ინფექციით დაავადებული ბავშვების შიდავენური მკურნალობა ანტიბიოტიკებით სახლის პირობებშიც ისეთივე ეფექტურია და უსაფრთხო, როგორიც საავადმყოფოებში, აცხადებენ მელბურნის უნივერსიტეტის მეცნიერები.
მკვლევარებმა პირველად გადაწყვიტეს, მეცნიერული მეთოდით დაედგინათ საყოველთაოდ ცნობილი გამოთქმის „შინ კედლებიც კურნავს“ სიმართლე, რაც საკმაოდ ბევრ ადამიანს აქვს საკუთარ თავზე გამოცდილი.
როგორც ექიმები ირწმუნებიან, კანის დაავადებების შემთხვევაში აუცილებელი არ არის, ბავშვები საავადმყოფოში დააწვინონ ანტიბიოტიკებიანი წვეთოვნებით სამკურნალოდ, სადაც სხვა ინფექციებიც შეიძლება შეეყაროთ.
აღნიშნული თეორია მეცნიერებმა ფლეგმონის დაავადების მაგალითზე შეამოწმეს, ვინაიდან, როგორც კვლევის წამყვანი ავტორი, დოქტორი ლაილა იბრაჰიმი აღნიშნავს, კანის ამ დაავადებას ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მკურნალობენ სახლში. თუმცა ამგვარი მეთოდის ეფექტურობა მანამდე მეცნიერულად არ დასაბუთებულა. სწორედ ამიტომ გადაწყდა, შეედარებინათ სტაციონარულად და შინ მკურნალობით მიღებული შედეგები ერთმანეთისთვის.

ლაილა იბრაჰიმი განმარტავს:

„საავადმყოფოში ყოფნა ნეგატიურად აისახება ბავშვის ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე, ექიმები კი სახლში არ ვწერთ მათ მხოლოდ იმის გამო, რომ დარწმუნებული არ ვართ შინ მკურნალობის ეფექტურობაში“.

ამასთან, აღინიშნება, რომ შინ მკურნალობით მშობლების 95% რჩება კმაყოფილი.

კვლევაში 6 თვიდან 18 წლამდე ასაკის 188 ბავშვი და მოზარდი მონაწილეობდა. ყველა მათგანი მელბურნის სამეფო საავადმყოფოს პაციენტი იყო, რომლებსაც ზედაპირულ ან ღრმა ფლეგმონაზე მკურნალობდნენ.

პაციენტები ორ ჯგუფად გაყვეს. მათი ერთი ნაწილი სახლებში დააბრუნეს და იქ დაუდგეს ანტიბიოტიკები წვეთოვნებით, მეორე ნაწილი კი საავადმყოფოში დატოვეს სამკურნალოდ.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ იმ ავადმყოფებს შორის, რომლებიც სახლში გადიოდნენ თერაპიის კურსს, მხოლოდ 2%-ს ჰქონდა ასაკმარისად ეფექტური შედეგი, მაშინ, როცა სტაციონარში დარჩენილებში ამ მონაცემმა 7% შეადგინა. ამასთან, დიარეისა და პირღებინების შემთხვევები შინ მყოფთა შორის ბევრად ნაკლები იყო.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ წვეთოვნების განმეორებით დადგმა საავადმყოფოს პაციენტთა 18%-ს დასჭირდა მაშინ, როცა შინ მყოფ პაციენტებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ს შეადგენდა.

როგორც პროფესორი პენელოპა ბრაიანტი განმარტავს: „ექსპერიმენტი იმითაცაა უნიკალური, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც შინ გადიოდნენ მკურნალობას, დიაგნოზის დასმის დღიდან ერთხელაც არ მიუმართავთ პოლიკლინიკისა თუ საავადმყოფოსთვის“.
მისი თქმით, ექიმების უმთავრესი მიზანი იმის დამტკიცება იყო, რომ ანტიბიოტიკებით შიდავენური მკურნალობა სახლის პირობებში უსაფრთხო და ეფექტურია.

მეცნიერთა ეს სტატია, სამუშაოს სრული აღწერით, ჟურნალ The Lancet Infectious Diseases-შია გამოქვეყნებული.
წყარო: MCRI
ყველა ახალი ამბავი
0