საეკლესიო კალენდარი - 19 აგვისტო, ფერისცვალება

© photo: Sputnik / Stringerთაბორის ფერისცვალების ეკლესია
თაბორის ფერისცვალების ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2022
გამოწერა
19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება.
უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა. ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა შემდეგ ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.
ფერიცვალების ბაზილიკა თაბორის მთაზე
მთიდან ჩამოსვლისას მაცხოვარმა გააფრთხილა მოწაფეები, რომ ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.
თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება.
მოწაფეებმა მაცხოვართან მოსაუბრე ძველი აღთქმის ორი უდიდესი წინასწარმეტყველი მოსე და ელია იხილეს. როგორც წმიდა მაქსიმე აღმსარებელი წერს: „უფლის ფერისცვალებისას თაბორის მთაზე ნაჩვენები იქნა ცხონების სამი გზა: სათნოების, შემეცნებისა და ღვთისმეტყველებისა, პირველი ორი გზა ელიასა და მოსეს სახით წარმოჩინდა, ხოლო ღვთისმეტყველებას თავად მაცხოვარი წარმოადგენდა“.
ფერისცვალების ნათელი ხატებზე წმიდანთა თავზე დამდგარი შარავანდედის სახით გამოისახება. იგია ძვირფასი გვირგვინი, რომლითაც უფალი სულიერ ბრძოლაში გამარჯვებულთ აჯილდოებს.
მას შემდეგ, რაც უფალმა ფერი იცვალა თაბორის მთაზე, 20 საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ დღემდე, ყოველ 19 აგვისტოს, მზიან, უღრუბლო ამინდში ამ მთას თეთრი, ქათქათა ღრუბელი ადგება, რომელსაც იქ მყოფი მორწმუნეები ხელით ეხებიან. წირვის დასრულების შემდეგ კი ღრუბელი ნელ-ნელა იფანტება. იგი კიდევ ერთხელ ახსენებს ადამიანებს იმ სახარებისეულ ღრუბელს, რომლიდანაც გაისმა ხმა მამისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი…"
იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს) მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა.
ყველა ახალი ამბავი
0