ღარიბაშვილი: „მეგობრობის ხიდი“ საქართველოსა და სომხეთის კავშირს ასახიერებს
15:46 19.08.2022 (განახლებულია: 20:38 19.08.2022)
© Government of Georgiaნიკოლ ფაშინიანი და ირაკლი ღარიბაშვილი
გამოწერა
„მეგობრობის ხიდი“ ეწოდა ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აშენებულ 160-მეტრიან ოთხზოლიან თანამედროვე სტანდარტების ხიდს.
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მონაწილეობა მიიღეს საქართველო–სომხეთის საზღვარზე, მდინარე დებედზე ახალი საავტომობილო ხიდის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში.
„მეგობრობის ხიდი“ ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აშენებული 160-მეტრიანი თანამედროვე სტანდარტების ხიდია და ის უნიკალური პროექტია რეგიონში. მისი ექსპლუატაციაში შესვლა საზღვარზე გამტარუნარიანობას ორჯერ გაზრდის.
„ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. „მეგობრობის ხიდი“, რომელიც ერთად ავაშენეთ, ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი ხიდის წყალობით გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.
ამას გარდა, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხიდი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც „აღმოსავლეთი–დასავლეთის“ საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი.
© Ministry of Territorial Administration and Infrastructure of Armenia „მეგობრობის ხიდი“
„მეგობრობის ხიდი“
© Ministry of Territorial Administration and Infrastructure of Armenia
„დღეს ჩვენს ქვეყანაში საგზაო დერეფნის განვითარება მაღალი ტემპებით მიმდინარეობს, უკვე აშენებული გვაქვს „აღმოსავლეთი–დასავლეთის“ ავტობანის ნახევარი, ხოლო სულ რაღაც ორ წელიწადში მისი ყველა ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის ენერგორესურსების, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების საიმედო და უსაფრთხო მიწოდების კუთხით.
მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა და გამოცდილების გაზიარება კიბერუსაფრთხოების სფეროში და სასაზღვრო თანამშრომლობის განვითარება.
© courtesy of Georgian Governmentნიკოლ ფაშინიანი და ირაკლი ღარიბაშვილი
ნიკოლ ფაშინიანი და ირაკლი ღარიბაშვილი
© courtesy of Georgian Government
სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ აუცილებელია კულტურულ-ჰუმანიტარულ, ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტების და ერთობლივი ტურისტული პროექტების მომზადება, ურთიერთობების განვითარება გარემოს, დასაქმების, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში.
„ამ ყველაფრის განსახორციელებლად საჭიროა უწყებათშორისი შეხვედრები, მჭიდრო კავშირები, ამიტომ უნდა გაადვილებული იყოს ჩვენი ურთიერთობა, რასაც ხელს შეუწყობს ეს ხიდი“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
„ბაგრატაშენი–სადახლოს“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის მშენებლობის პროექტის რეალიზაცია 2021 წლის მაისში დაიწყო, ახალი ხიდის მშენებლობა მდინარე დებედზე კი – ივლისში.
ხიდი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ორ ქვეყანას მისი აშენება 9,1 მლნ ევრო დაუჯდა. აქედან 7,2 მლნ ევრაზიის განვითარების ბანკის კრედიტია, ხოლო 1,8 მლნ ევრო – ორი ქვეყნის საბიუჯეტო სახსრები.