ხუციშვილი: რუსეთის მოქალაქეების ვიზიტების რაოდენობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე პანდემიამდე იყო

© Ministry of Finance of Georgiaლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2022
გამოწერა
ხელისუფლება ვერ ხედავს, რომ რაიმე პრობლემა არსებობდეს ქვეყანაში რუსეთიდან ტურისტების ჩამოსვლის გამო, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik.რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებლები ორჯერ არის შემცირებული COVID-19-ის პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, განუცხადა ჟურნალისტებს ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ოპოზიციონერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უკონტროლოდ შემოდიან უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, რაც, მათი თქმით, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. რიგი პარტიები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით გამოვიდნენ.
„ვერ შევადარებთ პანდემიის პერიოდს, როდესაც საზღვრები ჩაკეტილი იყო და სასაზღვრო გამშვები პუნქტები, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდნენ... უნდა შევადაროთ პანდემიამდე პერიოდს და თუ შევადარებთ რაოდენობას, რიცხვებს, ეს არათუ გაზრდილია, არამედ განახევრებულია რაოდენობაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ხუციშვილის თქმით, ამ კუთხით გამოთქმული შიშები აბსოლუტურად გაუგებარია, რადგან ციფრები ყველაფერს ცხადყოფს.
„ეს ინფორმაცია არის საჯარო, ხელმისაწვდომი და შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეს, ანალიზი გააკეთოს. ვერანაირ რისკებს ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ, რომ რაიმე ტიპის პრობლემა არსებობდეს ქვეყანაში“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ და ქვეყანაში იმყოფებიან, 31 ივლისის მდგომარეობით, მათი რაოდენობა 110 ათასზე ნაკლებია, ანუ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 3 პროცენტი. ეს სამჯერ ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს. „უფრო მეტიც, მათი უმრავლესობა ეროვნებით ქართველია – რუსეთში დაახლოებით მილიონი ქართველი ცხოვრობს“, – განაცხადა უფრო ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ვიზიტების რაოდენობით ლიდერობენ რუსეთის მოქალაქეები. მხოლოდ ივლისში ქვეყანას ეწვია 156,7 ათასი მოქალაქე რუსეთიდან, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 525,5%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ამავე პერიოდზე – 1,5%-ით ნაკლები.
ყველა ახალი ამბავი
0