პუტინი: რუსეთი დაინტერესებულია სხვა ქვეყნებთან ერთობლივი სამხედრო წვრთნებით

© photo: Sputnik / Pavel Bednyakov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2022
გამოწერა
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი დაინტერესებულია სხვა სახელმწიფოებთან ერთად სამხედრო წვრთნებში მონაწილეობით და პარტნიორებს ფორუმ „არმია 2022“-ში მონაწილეობისკენ მოუწოდა, წერს სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„ვიწვევთ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ სამეთაურო-საშტაბო და სხვა სახის წვრთნებში“, — აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთი უცხოელი სამხედროების მომზადებაში დიდ პერსპექტივას ხედავს.

მისი თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათასობით სამხედრო პროფესიონალი ამაყობს იმით, რომ მათი Alma Mater რუსეთის სამხედრო უმაღლესი სასწავლებლები და აკადემიები იყო.

თანამშრომლობა

როგორც ვლადიმირ პუტინმა განაცხადა სიტყვთ გამოსვლისას, რუსეთი მზადაა განავითაროს კოოპერაციული კავშირები შეიარაღებისა და ტექნიკის ახალი ნიმუშების შესაქმნელად, იმუშაოს თანასწორი პირობებით.
„ჩვენ ვაპირებთ აქტიურად განვავითაროთ კოოპერაციული კავშირები შეიარაღებისა და ტექნიკის ახალი ნიმუშების შესაქმნელად, ვიმუშაოთ სამართლიანი თანაბარუფლებიანობის პირობით. ასეთი წარმატებული ტექნოლოგიური თანამშრომლობის გამოცდილება, უპირველეს ყოვლისა, CSTO-სა და SCO-ს ფარგლებში, ჩვენს ქვეყანას მდიდარი აქვს“, — განაცხადა პუტინმა.
მისი განმარტებით, რუსეთი მხარს უჭერს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ყველაზე ფართო ყოველმხრივ განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია მრავალპოლარული სამყაროს ფორმირების პირობებში.

„სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებით, ჩვენი ძალისხმევისა და პოტენციალის გაერთიანებით შევძლებთ ჩვენი ქვეყნებისა და მთელი მსოფლიოს საიმედო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“, – დასძინა მან.

შეიარაღება

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსული შეიარაღების უამრავი ნიმუში ათწლეულებით უსწრებს უცხოურ ანალოგებს, მნიშვნელოვნად აღემატებიან რა მათ ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით.
„განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს პერსპექტიული ნიმუშები და სისტემები, რომლებიც ორიენტირებულია მომავალზე და შეიარაღებული ძალების ხვალინდელი დღის განმსაზღვრელი იქნება. საუბარია მაღალტექნოლოგიურ იარაღზე და რობოტოტექნიკაზე, საბრძოლო კომპლექსებზე, რომლებიც ახალ ფიზიკურ პრინციპებზეა დაფუძნებული. ბევრი მათგანი წლებით, ან სულაც ათწლეულებით უსწრებს უცხოურ ანალოგებს, ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით კი გაცილებით აღემატება მათ“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, რუსული იარაღის თითქმის ყველა სახეობა, რომლებიც ექსპორტზე გადის, არაერთხელ იყო გამოყენებული რეალურ საბრძოლო მოქმედებებში.

„მზად ვართ მოკავშირეებსა და პარტნიორებს შევთავაზოთ შეიარაღების თანამედროვე ნიმუშები, დაწყებული სასროლი იარაღით, დამთავრებული ჯავშანტექნიკითა და არტილერიით, საბრძოლო ავიაციითა და უპილოტო საფრენი აპარატებით. სამხედრო პროფესიონალები მთელ მსოფლიოში აფასებენ მათ საიმედოობისთვის, ხარისხისა და, რაც მთავარია, მაღალი ეფექტურობისთვის. პრაქტიკულად ყველა ეს იარაღი რეალურ საბრძოლო მოქმედებებშია გამოყენებული“, — განაცხადა მან.

რუსეთის ლიდერს მიაჩნია, რომ რუსი „ხალხი ამაყობს თავისი არმიითა და ფლოტით, თავისი მცველების პროფესიონალიზმითა და სიმამაცით“.
„ყველა დროში ისინი საიმედოდ იდგნენ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე, თავისუფლება მოჰქონდათ სხვა ხალხებისთვის“, — ირწმუნება ვლადიმირ პუტინი.
ამასთან მან მადლობა გადაუხადა რუს მეიარაღეებს იმ აღჭურვილობისთვის, რომლებიც სპეცოპერაციებში გამოიყენება.
„მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა რუს მეიარაღეებს თანამედროვე იარაღით ჯარისა და ფლოტის აღჭურვისთვის, რომელიც დღეს მუშაობს მთელი ქვეყნის — მთელი რუსეთის გამარჯვებისთვის, ტექნოლოგიური და ინდუსტრიული განვითარებისთვის“, — თქვა მან.
როგორც რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რუსეთმა ხისტად უნდა ირეაგიროს მეორე მსოფიო ომის ისტორიის ფალსიფიკაციის მცდელობებზე, ასევე ნეონაციზმის, რუსოფობიისა და რასიზმის გამოვლინებებზე.

„იმ საშინელი ტრაგედიის გაკვეთილები, რომელთანაც კაცობრიობა მე-20 საუკუნეში ნაციზმმა მიიყვანა, არ უნდა დავივიწყოთ. მეორე მსოფლიო ომის მილიონობით მსხვერპლის წინაშე ჩვენი ვალია, მკაცრი რეაგირება მოვახდინოთ ისტორიის ფალსიფიცირების მცდელობებზე, დავუპირისპირდეთ ნეონაციზმის, რუსოფობიისა და რასიზმის ნებისმიერი ფორმის გავრცელებას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ფორუმზე.

ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ ფორუმის ფარგლებში საერთაშორისო ანტიფაშისტური კონგრესის ჩატარებას დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0