მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„როცა დამინახავ, იტირე“: ევროპაში „მშიერი ქვები“ გამოჩნდა

© photo: Sputnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2022
გამოწერა
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. დასავლეთ ევროპაში ანომალიური გვალვებია, რის გამოც მდინარეებში წყლის დონე ისე დაეცა, რომ „მშიერი ქვები“ გამოჩნდა, იუწყება ბრიტანული Daily Mail-ი.
ეს არის მდინარის ქვები, რომლებზეც შუა საუკუნეების ევროპის მოსახლეობა გზავნილებს კვეთდა შთამომავლებისთვის, აფრთხილებდნენ რა მათ გვალვისა და შიმშილის საშიშროების შესახებ წყლის ნაკლებობის გამო. ასეთ ქვებს შეხვდებით ნიდერლანდში, გერმანიასა და ჩეხეთში — მდინარეებში რაინსა და ელბაში.
გამოცემის ინფორმაციით, სწორედ ამ მდინარეებში წყლის დონის მკვეთრმა დაწევამ გამოაჩინა ლოდები, რომლებზეც მოჩანს XV-XVII საუკუნეებით დათარიღებული ნაკვეთი წარწერები. მდინარე ელბას ერთ-ერთ ქვაზე, რომელიც ცენტრალურ ევროპაში უძველეს ჰიდროლოგიურ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა, გერმანულ ენაზე ამოკვეთილია წარწერა: „როცა დამინახავ, იტირე“. ეს წარწერა 1616 წლით თარიღდება.
მანამდე ევროპის მდინარეებში „მშიერი ქვები“ გამოჩნდა, მაგალითად, 1876 წელს. მაშინ Teplitzer Zeitung-მა გამოაქვეყნა ცნობა, რომ ელბაში წყლის დონე ერთი მეტრი იყო. გვალვამ გამოიწვია მოსავლის უკმარისობა და, შედეგად, მასობრივი შიმშილი და სიკვდილი. მოგვიანებით „მშიერი ქვები“ შენიშნეს 1918 წელსაც.
ევროპაში ამჟამინდელმა გვალვამ ასევე გამოიწვია დიდი მდინარეების შესამჩნევი დაშრობა. ზოგი ვარაუდით, ევროპის მდინარეებში წყლის დონის ასეთი კლება 500 წელია არ მომხდარა. ანორმალიური გვალვის მიზეზი ის არის, რომ დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა დამბლოკავი ანტიციკლონი, რომელიც ატლანტიკიდან ჰაერის მასებს კონტინენტის სიღრმეში შეღწევის საშუალებას არ აძლევს.
წყლის პრობლემა ახლა ბევრ ქვეყანას აწუხებს. ევროპის ქვეყნების მთავრობებმა მოქალაქეებს წყლის ეკონომიურად გამოყენების თხოვნით მიმართეს. წყლის რესურსების ესპანელი ექსპერტი ნურია ერნანდეს-მორა ამბობს, რომ ამჟამინდელი გვალვა სერიოზულ კითხვებს აჩენს მთელი კონტინენტის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ გვალვის პრობლემაზე მთელ კონტინენტზე და თანაც არა მხოლოდ ამ ზაფხულს. ნალექების დაბალი დონე დაემთხვა მაღალ ტემპერატურებს. პლუს რესურსების გადაჭარბებული ექსპლუატაცია — ჩვენ ვიყენებთ იმაზე მეტ წყალს, ვიდრე გვაქვს. კლიმატის შემდგომი ცვლილების შემთხვევაში რესურსებზე წვდომა კიდევ მეტად შემცირდება. გვალვები გარდაუვალია, ეკონომიკური ზარალი გაიზრდება“, — განაცხადა მან.

გარდა ამისა, წყლის დონის ვარდნა დასავლეთ ევროპაში ლოგისტიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, რადგან მდინარეებით ტრანსპორტირება პრობლემური, ან სრულიად შეუძლებელიც გახდება. ამ დროისათვის ევროპის მთავარი სატრანსპორტო არტერია — მდინარე რაინი, უკვე ძნელად უმკლავდება ნახშირის ტრანსპორტირებას, რაც თბოელექტროსადგურებში ნედლეულის მწვავე დეფიციტს გამოიწვევს.
საფრანგეთში კი სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო რთული იყოს, რადგან მდინარეებში წყლის ტემპერატურა არ იძლევა საშუალებას, რომ წყალი ეფექტურად გამოიყენონ ატომური ელექტროსადგურების გასაგრილებლად. ამიტომ ფრანგებს ატომურ ელექტროსადგურებზე ელექტროენერგიის წარმოების შემცირება უწევთ.
წყარო: Daily Mail
ყველა ახალი ამბავი
0