აფეთქება ერევანში - სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიაფეთქება სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“
აფეთქება სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2022
გამოწერა
შენობის ჩამონგრევის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. ახლა მაშველები იმაზე მუშაობენ, რომ ბეტონი და არმატურა არ ჩამოცვივდეს.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტოს, რა ბედი ეწევა დანგრეულ სავაჭრო ცენტრ „სურმალუს“ სასაწყობე შენობას. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ არტუშ გრიგორიანმა განუცხადა.
14 აგვისტოს ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ ძლიერი აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ოფიციალური მონაცემებით, ინციდენტის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, დაშავდა 61. აფეთქება პიროტექნიკის მაღაზიაში მოხდა.

„უახლოეს პერიოდში გადავწყვეტთ, რა მოვუხერხოთ დარჩენილ შენობას. ახლა ვწმენდთ ნანგრევებს, რათა შესვლა შეძლოს მძიმე ტექნიკამ, რომელიც საქმეს დააჩქარებს. მალე გვეცოდინება, რამდენ ხანში დავასრულებთ მუშაობას“, – განაცხადა გრიგორიანმა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

შენობის ჩამოშლის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, ახლა მაშველები იმაზე მუშაობენ, რომ ბეტონი და არმატურა არ ჩამოცვივდეს.
კითხვას, გამოჩნდა თუ არა სავაჭრო ცენტრის მესაკუთრე, გრიგორიანმა უპასუხა, რომ თავად მას არ შეხვედრია. ცენტრის მესაკუთრედ ირიცხება სს „ერევნის საკონსერვო ქარხანა“.
250-300 მაშველი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს. მათ ეხმარებიან კინოლოგები ძაღლებით. ხანძარი ლიკვიდირებულია. ახალი კერები ჯერ კიდევ შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ მათი ლოკალიზება რამდენიმე წამში ხერხდება, დასძინა მინისტრის მოადგილემ.
მას გაუჭირდა იმის დაზუსტება, როდის დასრულდება სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე დაკარგულთა ძებნა და აღნიშნა, რომ სამძებრო სამუშაოებს ხელს უშლის რკინა-ბეტონის ნანგრევები.
„შესაძლოა, ხვალ, დღის მეორე ნახევარში ვიცოდეთ დასრულების ვადები“, – განაცხადა მან.
2021 წლის აპრილში ერევნის საკონსერვო ქარხანა ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების რამდენიმე ათეული დარღვევის გამო დაჯარიმდა. ინსპექციამ „სურმალუს“ მოსთხოვა დარღვევების აღმოფხვრა. ამის შემდეგ სავაჭრო ცენტრის მესაკუთრემ ზეპირად ითხოვა მისთვის დამატებითი დროის მიცემა. გრიგორიანი ამ დროს ინსპექციის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, მაგრამ, მისი სიტყვებით, შემოწმებების სხვა ბლოკს კურირებდა.

„ვიცი, რომ ასეთ შემთხვევებში განმეორებითი შემოწმება უნდა ტარდებოდეს, რათა გაირკვეს, აღმოფხვრილია თუ არა დარღვევები. მაგრამ ჩატარდა თუ არა ის მოცემულ შემთხვევაში, ვერ გეტყვით“, – დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ როგორც „Sputnik-სომხეთთან“ საუბრისას ინსპექციის პრეს-მდივანმა განაცხადა, განმეორებით ცენტრი ვერ შემოწმდა სამსახურის დიდი დატვირთვის გამო.
„სურმალუში“ ხანძარი 2021 წლის აპრილშიც გაჩნდა და რამდენიმე პავილიონი დაიწვა.
ყველა ახალი ამბავი
0