რამდენი სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდება სატყეო სააგენტოში წლის ბოლომდე

© Department of Environmental Supervisionსახერხი წალენჯიხაში
სახერხი წალენჯიხაში - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2022
გამოწერა
დასაქმების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში უკვე დასაქმდა 37 სოციალური შემწეობის მიმღები პირი.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტო წლის ბოლომდე საზოგადოებრივ სამუშაოებზე დამატებით სოციალურად დაუცველ 200 მოქალაქეს დაასაქმებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული სოციალური შემწეობის მიმღები პირების დასაქმების პროგრამის ფარგლებში, რეგიონულ სატყეო სამსახურებსა და „საქმიან ეზოებში“ ჯამში 233 მოქალაქე დასაქმდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ადგილზე გაეცნენ ზესტაფონის „საქმიან ეზოში“ და სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამაში დასაქმებულ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საქმიანობას და სამუშაო პირობებს.
რამდენი სოციალურად დაუცველი დასაქმდა საქართველოში >>
ზესტაფონში „საქმიანი ეზო“ 2020 წლის სექტემბერში გაიხსნა. დღეისათვის აქ დასაქმებულია 9 მეტყევე და დასაქმების პროგრამის 3 ბენეფიციარი.
იმერეთის რეგიონის სატყეო სამსახური 12 მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ემსახურება. დასაქმების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში უკვე დასაქმდა 37 სოციალური შემწეობის მიმღები პირი.
„დასაქმების პროგრამის ფარგლებში იმერეთის სატყეო სამსახურში ვმუშაობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც ვზრდი მარტო. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ოთხი წლის განმავლობაში შეგვინარჩუნდება საარსებო შემწეობა, ამავდროულად, ვიქნები დასაქმებული და მექნება დამატებითი შემოსავალი”, - აღნიშნა დასაქმების პროგრამის ბენეფიციარმა, ეთერ ბაქრაძემ „საქმიან ეზოში“ გამართულ შეხვედრაზე.
ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემაში სოციალური დაუცველი მოქალაქეებისთვის 790 სამუშაო ადგილია განსაზღვრული. სააგენტოს 9 რეგიონულ სამსახურში უკვე დასაქმებულია: კახეთში - 17 ბენეფიციარი (ტყის მცველი), ქვემო ქართლში - 33 (ტყის მცველი), შიდა ქართლში - 4 (ტყის მცველი), მცხეთა-მთიანეთში - 17 (ტყის მცველი), იმერეთში - 37 (ტყის მცველი) სამეგრელო -ზემო სვანეთში - 8 (ტყის მცველი), სამცხე ჯავახეთში - 21 ბენეფიციარი (ტყის მცველი), რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში - 46 (ტყის მცველი), გურიაში - 17 (ტყის მცველი).
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში უკვე მოწყობილია 43 „საქმიანი ეზო“.
„საქმიანი ეზოების“ მოწყობას ახალი „ტყის კოდექსი“ ითვალისწინებს. ის ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს, აღნიშნავენ სააგენტოში.
ყველა ახალი ამბავი
0