საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ სომხეთთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2022
გამოწერა
საქართველოს მთავრობისთვის მიმართვის მიზეზი საქართველო-რუსეთის საზღვარზე ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის“ გადატვირთულობა გახდა.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სომხეთის მთავრობამ ტვირთების ტრანსპორტირებისთვის ქვეყნის პორტების გამოყენების შესახებ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ნათქვამია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

„სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად ასევე განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები და მალფუჭებადი, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს. სომხეთი, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ტრადიციულად სარგებლობს საქართველოს ნავსადგურებით და აწარმოებს საერთაშორისო ვაჭრობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტოს განმარტებით, საქართველო საერთაშორისო კონვენციის „იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე” წევრია. ამ კონვენციის შესაბამისად, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ზღვასთან თავისუფალი დაშვება და იყვნენ ზღვისპირა სახელმწიფოებთან თანაბარ პირობებში ზღვაზე თავისუფალი გასასვლელის გამოყენების კუთხით.
საქართველოს მთავრობისთვის მიმართვის მიზეზი გახდა საქართველო-რუსეთის საზღვარზე ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის“ გადატვირთულობა, საიდანაც რუსეთიდან ტვირთი სომხეთში შედის.
სომხეთსა და რუსეთს შორის „ზემო ლარსი“ ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო პუნქტია, რომლის გადატვირთულობის გამო ტრანზიტული ტვირთების დამუშავება ხშირად რამდენიმე კვირით გვიანდება, რაც მალფუჭებადი პროდუქტებისა და საკვების შემთხვევაში, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის სომხეთს.
ყველა ახალი ამბავი
0