დეპუტატი: „ნაცმოძრაობაში“ დიდი გაურკვევლობაა

© photo: Sputnik / Stringerანრი ოხანაშვილი
ანრი ოხანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2022
გამოწერა
ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან გამიჯვნა წარმოუდგენელია.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ის, რომ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურკვევიათ, პარტიის დამფუძნებელი და საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიდის თუ არა პოლიტიკიდან, ბევრ რამეზე მეტყველებს, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან.
ივლისის ბოლოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ტოვებს ქართულ პოლიტიკას და მის მიერ დაარსებულ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. გელბახიანის თქმით, ექს-პრეზიდენტს საერთოდ აღარ აინტერესებს ქართული პოლიტიკა, ახლა მთავარი მისი შველა და სიცოცხლის შენარჩუნებაა.
სააკაშვილი, რომელიც სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე იხდის, სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ 12 მაისს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის ოჯახი, ადვოკატები და თანამებრძოლები მისი მკურნალობით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა.

„როდესაც ერთი პარტიის შიგნით იმას ვერ არკვევენ, სააკაშვილი პოლიტიკიდან მიდის თუ რჩება, ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს. ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი გაურკვევლობაა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან გამიჯვნა წარმოუდგენელია. მისი თქმით, მხოლოდ სოციალურ ქსელებში ექს-პრეზიდენტის სტატუსებიდან ან რამდენიმე ადვოკატის განცხადებიდან დასკვნების გაკეთება არ ღირს.
„ჩვენ, როგორც პარტიას, მის მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც არა მხოლოდ პარტიულად ვართ დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილთან, არამედ მასთან ძალიან მნიშვნელოვანი კავშირი გვაქვს წლების განმავლობაში, არავითარი განცხადება პირადი კონტაქტის საფუძველზე არ მოგვისმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის გამიჯვნა ხდება ერთმანეთისგან მისი სურვილის შესაბამისად“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, ეს საკითხი არ ყოფილა განხილვის თემა.
„წარმოუდგენელია სააკაშვილის განცალკევება საქართველოსგან... მას აქვს ძალიან დიდი ისტორიული მნიშვნელობა, ის არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი“, – აღნიშნა დეკანოიძემ.
თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან და „ნაცმოძრაობიდან“ წასვლის თაობაზე ექს-პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებას დაცვის მხარის სტრატეგია უწოდა.
მმართველ პარტიაში კი განაცხადეს, რომ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა მისი პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი არ არის, იგი პასუხს კანონმდებლობით დადგენილი წესით აგებს და არა იმის მიხედვით „პოლიტიკიდან დისტანცირებას როდის გადაწყვეტს“.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0