გამოფენები, თამაშები და კონცერტები: საქართველოში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება

© courtesy of Tbilisi Open Air / AlterVisionფესტივალი Tbilisi Open Air
ფესტივალი Tbilisi Open Air - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2022
გამოწერა
ღონისძიებები დასრულდება კონცერტით, რომელშიც სხვადასხვა შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება – სტუმრებს უამრავი ღონისძიება ელოდება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 12 აგვისტოს აღინიშნება. დღესასწაული დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, რათა ხელი შეეწყო ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში ჩართვისთვის და ახალგაზრდების საკვანძო როლის აღიარებისთვის თანამედროვე საზოგადოებაში.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა საგამოფენო ინსტალაცია: „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“, სადაც იქნება წარმოდგენილი დინა ოგანოვას ფოტოები და თათია ნადარეიშვილის ილუსტრაციები.
ფესტივალზე ასევე იქნება წარმოდგენილი 12 აქტიური ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელთაც „სჯერათ გენდერული თანასწორობის, სურთ მოახდინონ ცვლილებები საკუთარ თემში და ხელი შეუწყონ ჯანსაღი გარემოს შექმნას მომავალი თაობებისთვის“.
გარდა ამისა, დაგეგმილია ახალგაზრდული ფორუმი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ გამართონ დიალოგი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
ახალგაზრდებს აგრეთვე შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტელექტუალურ თამაშში „წიგნების თარო“, გაეცნონ ახალგაზრდული საქმიანობის გამოფენას, ჩაერთონ სამაგიდო თამაშებში და ფერების ფესტივალში.
12 აგვისტოს ღონისძიებებს დაასრულებს ახალგაზრდული კონცერტი სხვადასხვა შემსრულებლების მონაწილეობით.
ახალგაზრდული ფესტივალი ახალციხეში იმართება UNFPA-ს მიერ (გაეროს მოსახლეობის ფონდი) ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და ახალციხის მერიასთან თანამშრომლობით.
ყველა ახალი ამბავი
0