ცესკო: პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოლიტიკური ინსინუაციების მიზეზი გახდა

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი წარუდგინა. განაცხადის შეტანის მიუხედავად, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სიაში არ აღმოჩნდა.
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ, რომელმაც გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად პარლამენტს არ წარუდგინა, საქართველოს საარჩევნო კომისიის კრიტიკა დაიმსახურა.
პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ცესკოს მოქმედმა თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა უკვე ორჯერ ვერ მოიპოვა პარლამენტის წევრთა ხმების 2/3, რაც საჭიროა აღნიშნულ თანამდებობაზე 5 წლის ვადით ასარჩევად. კანონმდებლობის თანახმად, თუ კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას (76 ხმას) საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა მხოლოდ ექვს თვეს შეადგენს. კალანდარიშვილს მეორე ვადით უფლებამოსილება აგვისტოში ეწურება.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური ინსინუაციების მიზეზი გახდა“, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

კერძოდ, პოლიტიკურად დაინტერესებული პირების განმარტებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზი შეიძლება იყოს ცესკოს მოქმედი წევრების პოლიტიკური მიკერძოება, ან 2021 წლის არჩევნების ხარვეზებით ჩატარების ხაზგასმა.
„აღნიშნული აზიანებს არა მხოლოდ კონკურსში მონაწილე კონკრეტული პირების პროფესიულ ღირსებას, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის რეპუტაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.
საარჩევნო კომისიის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განმარტება მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მან იხელმძღვანელა პოლიტიკური მოტივებით.
საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის კანდიდატურის აცილების მიზეზი დაასახელა>>>
საქმე ისაა, რომ პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის პროფესიონალიზმს, ასევე აფასებს მის გამოცდილებას და საქმიანობას. თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილების მიზანი, როგორც ცესკოს თავმჯდომარის, ისე წევრების შემთხვევაში იყო საკონკურსო თანამდებობებზე უფრო ფართო პოლიტიკური კონსენსუსით შერჩეული კანდიდატურების გამოვლენა.

„ეს კი არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში, როცა კანდიდატების მიმართ აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებით მათი დისკრედიტაცია ხდება, საკმაოდ რთულად მისაღწევია. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის კვლავ არიან საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმატებები უსურვა კოლეგებს კონკურსის შემდეგ ეტაპზე.
„ვფიქრობთ, მათი კანდიდატურების წარდგენა საარჩევნო ადმინისტრაციის კიდევ ერთი აღიარება და იმის დასტურია, რომ უწყების სანდოობის პრობლემა არ დგას“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ნეიტრალურობა დაკარგა“ – ზურაბიშვილი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების გამო გააკრიტიკეს>>>
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მუშაობს დემოკრატიული პრინციპების დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალი პროფესიული სტანდარტებით.
„სამწუხაროა, რომ ამ ინსტიტუციის და მისი წარმომადგენლების საქმიანობის შეფასება არა ობიექტური კრიტერიუმებით, არამედ პოლიტიკური მოტივებით ხდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
იმ დრომდე, ვიდრე პარლამენტი არ აირჩევს ცესკოს ახალ თავმჯდომარეს და კომისიის ორ წევრს, კალანდარიშვილი, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი საკუთარი მოვალეობების შესრულებას გააგრძელებენ. პარლამენტმა მათ კანდიდატურებს მხარი 2022 წლის 16 თებერვალს დაუჭირა – ექვსი თვის ვადით.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნეიტრალური სტატუსი დაკარგა და მიკერძოებული გახდა – ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
ყველა ახალი ამბავი
0