ამირან გამყრელიძე - არავისთან დაპირისპირება არ მქონია და არ მაქვს

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
გამოწერა
რამდენიმე მედიასაშუალების ვერსიით, გამყრელიძის გადადგომის მიზეზი გახდა უთანხმოება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. არავისთან დაპირისპირება არ მქონია და არ მაქვს, მე არ ვარ აგრესიული პიროვნება, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
NCDC-ს დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თანამდებობა 5 აგვისტოს დატოვა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, გამყრელიძე პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა.
თუმცა, რამდენიმე მედიასაშუალების ვერსიით, გამყრელიძის გადადგომის მიზეზი გახდა უთანხმოება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
პირველად ამ უთანხმოებაზე ალაპარაკდნენ გასული წლის შემოდგომაზე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა მხარი არ დაუჭირა დავადებათა კონტროლის ცენტრის ინიციატივას, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციას ეხებოდა. მაგრამ მაშინ მხარეებმა განაცხადეს, რომ მათ შორის უთანხმოება არ არსებობს.

„მე აკადემიური წრეების წარმომადგენელი ვარ, ყოველთვის ვცდილობ ნებისმიერი საკითხი კონსენსუსით გადავწყვიტო და არავითარი დაპირისპირება არ იყოს. ასე მოვდივარ მთელი ჩემი ცხოვრება და კიდევ რაც დამრჩა, ასე ვაპირებ ვიარო. ახალი გუნდია, ძალიან კარგი. მოვიდა მეტი ახალგაზრდობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ამირან გამყრელიძეს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჩაანაცვლებს. გაბუნია ამ პოსტზე იქამდე დარჩება, სანამ ჯანდაცვის სამინისტრო ახალ ხელმძღვანელს შეარჩევს.
როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, თამარ გაბუნია ჯერ უნდა გაეცნოს ცენტრში არსებულ ვითარებას, მანამდე კი მას ყოველდღიურად შეხვდება.
„როგორც კი დავლაგდებით და თამარ გაბუნიას დეტალურად ჩავაყენებთ საქმის კურსში, შემდეგ დავტოვებ ოფიციალურად თანამდებობას“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძე გადადგომის შემდეგ ორთვიან დასვენებას გეგმავს, რომლის მერეც დაუბრუნდება სამეცნიერო საქმიანობას. მისი განცხადებით, რამდენიმე უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ლექციების წაკითხვას სთხოვს.
„ძალიან კარგ ახალგაზრდებს ვზრდით და, მგონი, საქმე ბევრი მექნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის პოზიციას თითქმის 10 წელი იკავებდა, ის აღნიშნულ თანამდებობაზე 2013 წლიდან მუშაობდა.
ყველა ახალი ამბავი
0