საქართველოს ეროვნული არქივი ახალი საარქივო დოკუმენტებით შეივსო

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული არქივი
საქართველოს ეროვნული არქივი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
გამოწერა
დოკუმენტებს შორისაა როგორც სახელმწიფო დაწესებულებების მასალა, ისე კერძო არქივებში დაცული დოკუმენტები.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებს 2022 წლის პირველ ექვს თვეში 24 ათასამდე ახალი საარქივო დოკუმენტი შეემატა, იუწყება ეროვნული არქივი.
ეს დოკუმენტებია: 23.085 საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტი, 766 ფოტო, 23 კინოდოკუმენტი, 10 ფონოჩანაწერი, 55 წიგნი და 300-ზე მეტი გაზეთი და ჟურნალი.
ეროვნული არქივის ცნობით, დოკუმენტებს შორისაა როგორც სახელმწიფო დაწესებულებების მასალა, ისე კერძო არქივებში დაცული დოკუმენტები.
მათი ინფორმაციით, 2022 წლის პირველ ნახევარში ეროვნული არქივის კინოარქივის მდიდარ კოლექციას რეჟისორ გია ჭუბაბრიას დოკუმენტური ფილმი „ქართული ჯვრის მონასტერი იერუსალიმში“ (კინოფირი) და რეჟისორ ლანა ღოღობერიძის მხატვრული ფილმები: „მე ვხედავ მზეს“ და „ფერისცვალება“ (ელექტრონული ვერსია) დაემატა.

„გარდა ამისა, ეროვნულმა არქივმა კერძო კოლექციონერისგან შეიძინა ქართული კინოფილმების გადასაღები მოედნების ამსახველი 140-მდე ფოტო, მოქალაქე ირაკლი ებრალიძისგან კი საჩუქრად მიიღო კომპოზიტორების სულხან და გურამ ნასიძეების ოჯახური ფოტოები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აუდიოარქივი გამდიდრდა ანსამბლების „რუსთავის“ და „ადიღეას" ჩანაწერებით, ასევე კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის საავტორო სიმღერებით. ფონოარქივს შეემატა მელიტონ ბალანჩივაძის ოპერა „დარეჯან ცბიერის“ აუდიოჩანაწერი.
ამ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა საარქივო დოკუმენტების ციფრულ მატარებელზე გადატანა: შეიქმნა წერილობითი დოკუმენტების 466.209 ფურცლის, 150 კინოდოკუმენტის, 3.520 ფოტოს და 220 აუდიოდოკუმენტის ელექტრონული ვერსია.
ყველა ახალი ამბავი
0