საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი შეარჩია

© Parliament of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
გამოწერა
ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი წარუდგინა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ ადგილზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 13 ივლისს გამოაცხადა. ახალი კონკურსი საჭირო გახდა, ვინაიდან ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორ წევრს უფლებამოსილება აგვისტოში ეწურებათ.
ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე განცხადება შეიტანა ხუთმა კანდიდატმა, მათ შორის მოქმედმა თავმჯდომარემ, ხოლო კომისიის წევრის ორ ადგილზე – შვიდმა პრეტენდენტმა.
ზურაბიშვილმა თავმჯდომარეობაზე წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან თამარ ალფაიძე და რევაზ ეგაძე შეარჩია, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.
რაც შეეხება ცესკოს მეორე წევრის თანამდებობას, ჩატარებული ღია კონკურსის შედეგად პრეზიდენტის მიერ ვერ შეირჩა შესაბამისი კანდიდატურები. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 აგვისტოს განკარგულებით ცხადდება ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი ხელახალი კონკურსი და იქმნება საკონკურსო კომისია.
ცესკოს თავმჯდომარის არჩევნები: კანდიდატების პრეზიდენტს წარედგინა>>>
ზემოაღნიშნული პოზიციით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 18 აგვისტოს ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (ათონელის N25) ან გაგზავნონ ელფოსტაზე: info@president.gov.ge.
ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
რეგლამენტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერით აირჩევა. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას (76 ხმას) საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა ექვს თვეს შეადგენს.
ამჟამად მმართველ პარტიას პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0