„ქართული ოცნება“: ქსენოფობიური კამპანიის მიზანი საქართველოს ომში ჩართვაა

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა მიზანს პირდაპირი გზით ვერ მიაღწიეს, განაცხადა კობახიძემ.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მომხრეებმა მარტიდან უკვე მეორე ქსენოფობიური კამპანია დაიწყეს რუსების წინააღმდეგ, რათა საზოგადოებაში აგრესია გამოიწვიონ და ამგვარად ჩაითრიონ საქართველო ომში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციონერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უკონტროლოდ შემოდიან უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, რაც, მათი თქმით, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ზოგიერთი პარტია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით გამოვიდა.

„ამ ვითარებაში სავიზო რეჟიმის მოთხოვნა პირდაპირ არის ქსენოფობიური კამპანიის შემადგენელი ნაწილი. ვერანაირად ვერ მოახერხეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ახლა ამ გზებით ცდილობენ ამის გაკეთებას“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა ამის მიღწევა პირდაპირი გზით ვერ მოახერხეს.
„რასაც პირდაპირი ფორმით ვერ მიაღწიეს, ახლა იმის მიღწევას ირიბი გზით ცდილობენ. მათი გათვლა მარტივია – ქსენოფობიური კამპანიით უნდა გაღვივდეს აგრესია რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რამაც უნდა გამოიწვიოს ესკალაცია და ინციდენტები... ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას ომი თავიდან ააცილოს“, – განაცხადა კობახიძემ.
ქვეყანაში ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს - კობახიძე>>
მისი თქმით, „ნაცმოძრაობამ“, მისმა სატელიტმა პარტიებმა, მისმა კუთვნილმა მედიასაშუალებებმა, მასთან დაკავშირებულმა ცალკეულმა კომერციულმა სუბიექტებმა და ზოგიერთმა მდიდარმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მარტის დასაწყისში ააგორა სრულიად სამარცხვინო ქსენოფობიურ–შოვინისტური კამპანია, მაგრამ ამან არ იმუშავა. ახლაც იგივე ხდება, აღნიშნა კობახიძემ.
ყველა ახალი ამბავი
0