ოპოზიციის ნაწილი ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

© courtesy of Georgian Dreamბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
გამოწერა
დეპუტატების განცხადებით, ამ დროისათვის ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს ორი ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალა განსაზღვრავს.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წევრებმა დაასახელეს სამი ნაბიჯი, რომელთა შესრულებაც უზრუნველყოფს პოლარიზაციის აღმოფხვრას, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე.
ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება. პუნქტებს შორის არის პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სწორედ პოლარიზაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული დაპირისპირება წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ძირითად დამაბრკოლებელ ფაქტორს. ამ მოცემულობის შეცვლისკენ მოგვიწოდებს ევროკავშირი“, – ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.

მათი აზრით, დროა ქართულ პოლიტიკაში დასრულდეს უმიზნო დაპირისპირებებისა და ოპონენტისგან მტრის ხატის შექმნის პრაქტიკა. ამ დროისათვის პოლიტიკურ ამინდს ორი ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალა განსაზღვრავს, რომელთა დღის წესრიგი არა საგნობრივი პრობლემების მოგვარებაზე, არამედ ურთიერთბრალდებებსა და პირადი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული.
პოლარიზაციის აღმოფხვრის ერთ-ერთ ნაბიჯად დეპუტატებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება დაასახელეს.
„საჭიროა, რომ ყველა ფორმალური პოლიტიკური აქტორი, განსაკუთრებით ისეთი გავლენიანი, როგორც ბიძინა ივანიშვილია, დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა სუბიექტმა, მის პოლიტიკურ გუნდთან ერთად აიღოს პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ავტორების თქმით, ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ივანიშვილი „ქართული პოლიტიკიდან შორს არაა“.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში გააკეთა განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ოპოზიცია მუდმივად ამტკიცებს, რომ ქვეყანაში რეალური ძალაუფლება დღემდე მის ხელშია და იგი ქვეყანას კულისებიდან მართავს.
უფრო მეტიც, ევროპარლამენტმა 9 ივნისს საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც, მათ შორის, ლაპარაკია ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე, სადაც ის „ერთადერთ ოლიგარქად“ არის მოხსენებული, „რომელსაც პირადი და საქმიანი კავშირები აქვს კრემლთან“. ევროპული საბჭოსთვის მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი სწორედ ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში დეპოლარიზაციის მისაღწევად აუცილებელია საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევისა და საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებების თუნდაც მეორე მოსმენით მიღება.
დეპუტატების აზრით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის, როგორც ფაქტორის გასვლა ქართული პოლიტიკური სივრციდან.

„მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შეამცირებს პოლარიზაციას, გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ ველს, მმართველ პოლიტიკურ ძალას კი გამოაცლის „მტრის ხატს“, რომელთან პოლემიკაც ორმხრივი სიძულვილის ენაზეა აგებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

30 ივლისს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ტოვებს ქართულ პოლიტიკას და მის მიერ დაარსებულ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. გელბახიანის თქმით, ექს-პრეზიდენტს საერთოდ აღარ აინტერესებს ქართული პოლიტიკა, ახლა მთავარი მისი შველა და სიცოცხლის შენარჩუნებაა.
პატიმრობამისჯილ საქართველოს ექს-პრეზიდენტს 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობენ. სააკაშვილის ოჯახი, ადვოკატები და თანამებრძოლები აცხადებენ, რომ მას საქართველოში არასათანადოდ მკურნალობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და ამიტომ მისი საზღვარგარეთ გაგზავნაა საჭირო.
დეპუტატების განმარტებით, ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება წარმოადგენს იმ ერთადერთ პირობას, რომლის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაშიც საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 85% უჭერს მხარს.
განცხადების ავტორები არიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი და დეპუტატები იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალეკო ელისაშვილი, ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0