მედვედევი: ჩინეთი აშშ-ის პროვოკაციას არ აჰყვა, მაგრამ მისი მოთმინება ულევი არ არის

© photo: Sputnik / Ekaterina Shtukina / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი მედვედევი
დმიტრი მედვედევი - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
გამოწერა
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა შეაფასა ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში და ისაუბრა მის შესაძლო შედეგებზე.
მან ასევე ისაუბრა სოცქსელში მისი გვერდის გატეხვასა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ მკაცრი გამოხდომების შემცველ პუბლიკაციებზე: ეს საინფორმაციო ომის გამოვლენაა.
- როგორ აფასებთ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს ტაივანში? რამდენად მართებულია პროგნოზები თქვენი „ზღაპრიდან მოხუცებზე“?
- ეს ვიზიტი - აშკარა და აბსოლუტურად ბოროტი ზრახვების შემცველი პროვოკაციაა, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას აზიაში. დაუსჯელობისგან გათავხედებული აშშ-ის ხელისუფლების გამოხდომაა.
აშშ-მა ყველაფერი გააკეთა, რათა ჩინეთის ნერვებზე ეთამაშა და იძულებული გაეხადა, გადაედგა მწვავე, უგუნური ნაბიჯები. აქტიურად იძაბებოდა სიტუაცია მასმედიასა და სოციალურ ქსელებში. თანაც ჩვეული ამერიკული ცინიზმით, ორაზროვანი რიტორიკით. დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიან ჩინეთს, მაგრამ ამავდროულად ვართ დემოკრატიის მომხრე, ავტოკრატიის წინააღმდეგი, აშშ კი „დაეხმარება ტაივანს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენებაში". ასე იყო იუგოსლავიაშიც მისი დაშლის პერიოდში, ასე იყო რუსეთის მიმართ 90-იანებში, ისევე როგორც სხვა ადგილებში.
ასეთი ვიზიტები წინასწარ იგეგმება. სცენარი იწერება ყველა მონაწილისთვის. როლები განაწილებულია, რეპლიკები გაწერილი. არავითარი შიდა დაპირისპირება ბაიდენის ადმინისტრაციასა და კონგრესს შორის ამ საკითხზე არ ყოფილა და არ არის. ესაა ამერიკული პოლიტიკური წრეების შეთანხმებული თამაში.
პროგრამა მინიმუმია - სკანდალის გამოწვევა და აზიაში ვითარების გამწვავება. მათ შორის - იარაღის მიწოდების ხარჯზე ტაიბეიში მარიონეტული ოპოზიციონერებისთვის. ასეთი სცენარი ბევრგან ვიხილეთ, მათ შორის, უკრაინაშიც - პროვოკაციები, წაქეზება, გადატრიალება. შემდეგ კი სისხლიანი კონფლიქტი, აფეთქებები, წამება, მკვლელობა, მილიონობით ადამიანის ტანჯვა. ამერიკელებმა უკვე აურიეს საქმეები თავიანთ მოკავშირეებს ევროპაში. ახლა სამყაროს სხვა ნაწილების ჯერი დადგა, მათ შორის, აზიის.
ისინი შუღლს თესავენ ყველგან, გარდა საკუთარი კონტინენტისა. რუსეთში, ჩინეთში, ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში. თუმცა საინტერესო იქნებოდა იმის დანახვა, როგორ მოაწყობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას ამერიკელები თავიანთ მეზობლებთან, მაგალითად, კანადაში.
არავინ აპირებდა ოფიციალური დელეგაციის თვითმფრინავის ჩამოგდებას ან იძულებით სხვა აეროდრომზე მის დასმას. მსგავსი რადიკალური ზომები ჩვენი ჩინელი მეგობრების მშვიდობისმოყვარე ბუნებას არ შეეფერება. ისინი პროვოკაციებს არ წამოეგებიან. თუმცა არც მათი მოთმინებაა უსაზღვრო. ნათელია, რომ ამ სკანდალური ნაბიჯის შემდეგ ტაივანის ირგვლივ ვითარება საგრძნობლად გამწვავდა. მიმდინარეობს მასშტაბური სამხედრო წვრთნები. ალბათ ამერიკელებსაც ეს უნდოდათ. მაგრამ ისინი მიიღებენ გაცილებით უფრო სერიოზულ შედეგებს გლობალური მასშტაბით.
აზიაში უსაფრთხოება დრამატულად უარესდება. უნდობლობა კოლოსალური იქნება. ბაზრები ვარდნას გააგრძელებენ. ბენზინი და პროდუქტები გაძვირდება. აი მაშინ კი ვერავინ გასცემს გარანტიას იმისა, რომ მორიგი რეისი რომელიმე დაუდგრომელი მოხუცით დანიშნულების ადგილამდე მიაღწევს...
- ნენსი პელოსის თვითმფრინავის რეისს მთელ მსოფლიოში ხალხის რეკორდული რაოდენობა ადევნებდა თვალს. თუმცა ის არ არის ყველაზე პოპულარული და ცნობილი პოლიტიკოსი. ისტორია გადაიზარდა მრავალ ყალბ სიახლესა და გამონაგონში, რაც არასახუმარო საინფორმაციო ომს ახასიათებს. როგორ შეიძლება ასეთ კიბერსაფრთხესთან დაპირისპირება და რამდენად რეალურია მისი გამოყენება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ?
- საინფორმაციო ომი, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ დასავლური მედია აწარმოებს, ჩვენთვის უცხო არ არის. ეს კარგი არ არის, მაგრამ უკვე ადაპტირებული ვართ სიცრუის იმ ნაკადთან, რომელიც ჩვენი მისამართით არცერთი წამით არ წყდება. თანამედროვე სამყაროში საინფორმაციო ომს შეუძლია არანაკლებ სერიოზული ნგრევის გამოწვევა, ვიდრე ჩვეულებრივ იარაღს - თუ ვისაუბრებთ მსოფლიო ეკონომიკისთვის, სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის საინფორმაციო შეტევების გლობალურ შედეგებზე.
ადრე საინფორმაციო შეტევები ერთჯერადი ხასიათისა იყო, თუმცა შეეძლო საერთაშორისო დაძაბულობის გამოწვევა. გაიხსენეთ 1984 წელს რონალდ რეიგანის რადიომიმართვა: „ჩემო თანამემამულე ამერიკელებო, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ხელი მოვაწერე განკარგულებას რუსეთის უვადოდ კანონგარეშე გამოცხადების შესახებ. დაბომბვა დაიწყება ხუთ წუთში“. ამ „ხუმრობამ“ მაშინ საშინელი დაძაბულობა გამოიწვია. ახლა მსგავსი გამოხდომები ყოველდღიურად სხვადასხვა ადგილიდან კეთდება.
ახლა აშშ ამყარებს თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, დიდ ბრიტანეთთან, ნიდერლანდებთან, ნორვეგიასთან და პოლონეთთან „ციფრული პლაცდარმების“ შესაქმნელად, საიდანაც რუსეთზე თავდასხმები ხორციელდება.
მიზანი - ტელესაკომუნიკაციო, სატრანსპორტო და ელექტროქსელების, მსხვილი საწარმოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების, გადაუდებელი დახმარების სამსახურების, ბანკებისა და ფინანსური სექტორის მუშაობის დარღვევაა. მათ შორისაა, მაგალითად, პოლონური, ესტონური და ლატვიური კიბერცენტრები, რომლებიც აქტიურად ეწევიან ამ საქმიანობას „რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის“ და „კიბერდაცვის“ საბაბით.
სხვადასხვა მონაცემებით, ნატოსა და ევროკავშირის კიბერძალები, რომლებიც რუსეთის მიმართულებაზე მუშაობენ, 350 ათას ადამიანს ითვლიან. კიდევ 200 ათასი გაწვრთნილი პერსონალია - საერთაშორისო არასამთავრობო ჰაკერული ჯგუფები, რომლებსაც პენტაგონი აქტიურად იყენებს ჩვენს ქვეყანაზე ციფრული შეტევისთვის. ერთ-ერთი მაგალითია ვიდეოჰოსტინგ Rutube-ზე შეტევა.
ტექნოლოგიური სუვერენიტეტის დაცვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა საკუთარი პროგრამული პროდუქტებისა და კომპიუტერული სისტემების შექმნა. ისინი არ უნდა იყოს დამოკიდებული ციფრულ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ჩვენდამი მტრულად განწყობილ ქვეყნებში იღებენ. ვიდრე უცხოურ პროგრამებსა და აპარატურულ საშუალებებს ვიყენებთ, ჩვენი კომპიუტერული ქსელების სრულ უსაფრთხოებაზე საუბარი შეუძლებელია. ესაა ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც რუსეთში დღეს პრეზიდენტის დავალებით დიდ ყურადღებას უთმობენ.
ჩვენი მთავარი იარაღია - ღია და ზუსტი ინფორმაცია წყაროებიდან, ფეიკების მოგერიების უნარი. საკანონმდებლო ბერკეტები ასეთი ქმედებებისთვის სამართალდამცავ და ძალოვან სტრუქტურებს დღეს საკმარისად აქვთ.
- ამასწინათ გატეხეს თქვენი პირადი გვერდი სოციალურ ქსელში. გამოქვეყნდა წერილი, რომელიც შეიცავდა მწვავე გამონათქვამებს სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკების მისამართით. ამას როგორ უნდა დაუპირისპირდეთ?
ასეთი რამ პირველად არ ხდება. არავინაა ამისგან დაზღვეული. თავის დროზე, როდესაც მთავრობის მეთაური ვიყავი, მიწევდა მსგავს შეტევებთან შეჯახება. ეს სწორედ იმ საინფორმაციო ომის გამოვლინებაა, რომელზეც ახლა ვისაუბრეთ. შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო: სოციალური ქსელის ადმინისტრაცია და კომპეტენტური სამსახურები ყველაფერს ამოწმებენ. დამნაშავეები დაუსჯელები არ დარჩებიან.
მტრული ქვეყნები და პოლიტიკოსები, რომლებიც დაინტერესებული არიან, ერთმანეთთან დააპირისპირონ მოკავშირეები CSTO, EAEU თუ SCO ორგანიზაციებში, ბევრნი არიან. ჩვენ მათ ამ სიამოვნებას არ მივანიჭებთ. აშკარაა ასეთი „მუშაობის“ არაეშმაკური მეთოდებიც - საჯარო ველში ცნობილი პირის სახელით მწვავე გამონათქვამის შეგდება მეზობლებზე, მოცდა, როდის წაიშლება ფეიკი, შემდეგ კი ამით ვაჭრობა. ვითომდა, რუსეთში ყველაფერი სპეციალურად გააკეთეს, მკაცრი სიგნალი გაუგზავნეს მოკავშირეებს, შემდეგ კი დიპლომატიურად წაშალეს. აი „რუსების ჭეშმარიტი ზრახვები“, მათი „აგრესიული ჩანაფიქრი“.
ხაზს გავუსვამ - ჩვენ ასე არასდროს არ ვმუშაობდით და არ ვმუშაობთ. ეს ჩვენს მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. მეგობრებს პირდაპირ და გულახდილად, არაორაზროვნად ვესაუბრებით. მტრული ძალები ვერ წაგვაჩხუბებენ. ჩვენ მოკავშირეები ვართ არა მხოლოდ ოფიციალური დეკლარაციებით, არამედ საქმითაც. ასე იქნება მომავალშიც.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0