„მილანი“, „იუვენტუსი“ და სხვა გრანდები - ბათუმი ასაკობრივ საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Aleksey Filippovფეხბურთის ბურთი
ფეხბურთის ბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
გამოწერა
წელს ტურნირში ევროპაში ცნობილი გრანდების ასაკობრივი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირ Ateitis CUP-ს, რომელიც ასაკობრივ გუნდებს შორის ტარდება, წელს ლიეტუვასთან ერთად საქართველოც უმასპინძლებს. ინფორმაციას Ateitis CUP-ის საორგანიზაციო კომიტეტი ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.
ტურნირს, ტრადიციულად, ლიეტუვის დედაქალაქი ვილნიუსი მასპინძლობდა, მაგრამ წელს შეჯიბრება ორ ლოკაციაზე ჩატარდება და მეორე მასპინძელი ქალაქი ბათუმი იქნება.

„Ateitis CUP 2022 წლის სეზონის ახალ თავგადასავალს იწყებს. ტურნირისთვის წელს ორი ლოკაცია გვექნება: ვილნიუსი და ბათუმი. ახალგაზრდულ საფეხბურთო ტურნირებს წელიწადში ორჯერ, შემოდგომასა და გაზაფხულზე გავმართავთ ულამაზეს ქვეყანაში, საქართველოს ქალაქ ბათუმში“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ წელს შეჯიბრებაში ევროპაში ცნობილი გრანდების ასაკობრივი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირზე იასპარეზებენ „მილანის“ (იტალია), „იუვენტუსის“ (იტალია), „ბენფიკას“ (პორტუგალია), „ატალანტას“ (იტალია), „ესპანიოლის“ (ესპანეთი), ასევე შვედური „ჰამარბის“, აზერბაიჯანული „სუმგაითისა“ და ყაზახური „კაირატის“ ასაკობრივი გუნდები.
ტურნირზე საქართველოს წარმოადგენენ ბათუმის „დინამოს“, თბილისის „დინამოს“, „სამტრედიას“, „გაგრას“, „ინტერის აკადემია-საქართველოსა“ და „საბურთალოს“ საფეხბურთო აკადემიის გუნდები.
ბათუმი 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის გამართულ ტურნირს უმასპინძლებს. ტურნირი 2-4 სექტემბერს დაიწყება 12-წლამდელთა შეჯიბრით, შემდეგ 11-წლამდელები (9–11 სექტემბერს) და 10-წლამდელები (16–18 სექტემბერს) ჩაერთვებიან, ბოლოს კი, 23-25 სექტემბერს 9 და 8-წლამდელთა შეჯიბრება შედგება.
ყველა ახალი ამბავი
0