პარლამენტში მთავრობაზე კონტროლის გაძლიერების საკითხზე მსჯელობენ

© Sputnik / Alexander Imedashviliარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2022
გამოწერა
სამუშაო ჯგუფში საქმიანობისთვის მზად არიან ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქციების გაძლიერების მიზნით რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე სამუშაოდ საკანონმდებლო ორგანოში ჯგუფი შეიქმნა.
საქართველოს პარლამენტში ივლისიდან მიდის მუშაობა ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ევროკომისიის 12 პირობის შესასრულებლად. პროცესი ითვალისწინებს სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც თითოეული პუნქტის მიხედვით შესწორებების მომზადებით იქნება დაკავებული. ყველა ცვლილება პარლამენტმა 2023 წლის 1 იანვრამდე უნდა მიიღოს.

„ჩვენ ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით შევქმენით ჯგუფი კონკრეტული ცვლილებების განსახილველად, რომლებიც რეგლამენტს უფრო ქმედითს, პარლამენტის მუშაობის პროცესს კი უფრო ეფექტურს გახდის“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

სამუშაო ჯგუფში საქმიანობისთვის მზად არიან ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები, მათ რეგლამენტში ცვლილებების თაობაზე უკვე საკუთარი წინადადებაც წამოაყენეს.
„არის ბევრი მიმართულება, რომელთა გაძლიერებაც საჭიროა პარლამენტში, მე განსაკუთრებით გამოვყოფდი პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ვიზიტების სიხშირეს. ვთვლი, რომ პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში უფრო ხშირად უნდა მიდიოდეს“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა.
რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი დეპუტატებს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წელიწადში ერთხელ აბარებს, ამას გარდა იგი შეიძლება კანონმდებლების წინაშე ინტერპელაციის წესით წარდგეს.
ინტერპელაცია საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც მთავრობის წარმომადგენელი დეპუტატთა მიერ გაგზავნილ კითხვებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პასუხობს. ინტერპელაციის წესით მთავრობის წევრებისთვის შეკითხვით მიმართვის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა პოლიტიკურ ჯგუფს ან ფრაქციას.
ყველა ახალი ამბავი
0