მოსაზრება: აშშ-მა აჩვენა, რომ მზადაა მთელი მსოფლიო გაწიროს

© AFP 2024 / SAM YEH
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2022
გამოწერა
ვიქტორია ნიკიფოროვა
აშშ-ის კონგრესის სპიკერის ტაივანში ვიზიტის იდეას პეკინი თავიდანვე მკაცრად გმობდა. ჩინეთის ხელისუფლება მოითხოვდა პატივისცემას „ერთიანი ჩინეთის“ პოლიტიკის მიმართ, რომლის თანახმადაც ამბოხებული კუნძული ქვეყნის ნაწილად ითვლება და იქ სხვა ქვეყნების ლიდერების ოფიციალური ვიზიტების მოწყობა არ შეიძლება.
პელოსიმ განაცხადა, რომ ტაივანში აუცილებლად გაემგზავრებოდა და სი ძინპინი მას მითითებებს ვერ მისცემდა. ჯო ბაიდენი ამ იდეას დუნედ აკრიტიკებდა, მაგრამ რატომღაც არ აუკრძალავს სპიკერისთვის ტაივანში გაფრენა.
მართალია, ფორმალურად მოქმედებს ხელისუფლების განაწილების პრინციპი: პელოსი პასუხისმგებელია საკანონმდებლო ხელისუფლებაზე, ბაიდენი - აღმასრულებელზე, თუმცა ის ჯერ კიდევ პრეზიდენტი და პარტიაში ყველაზე მნიშვნელოვანი კაცია. ამიტომ, რომ მოენდომებინა, სპიკერს არ მისცემდა გლობალური პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობას.
სამშაბათს პელოსის სამთავრობო ბოინგი კუალა-ლუმპურიდან სამხრეთისკენ გაფრინდა. ყველაფერი საკმაოდ პირქუშად გამოიყურებოდა. სამხედრო აეროდრომებიდან აფრინდნენ გამანადგურებლები. ტაივანის სრუტეში საბრძოლო სროლებით წვრთნები გამართა ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა.
გონივრულად მოქმედების მოწოდებები აშშ-შიც კი გაისმა. ცნობილმა ჟურნალისტმა ტომას ფრიდმანმა The New York Times-ში გამოაქვეყნა სტატია, რომელიც იწყება სიტყვებით: „დიდ პატივს ვცემ კონგრესის სპიკერს ნენსი პელოსის“. თუმცა ყველა დადებითი რევერანსის შემდეგ ფრიდმანი პელოსის სთხოვს, არ გაემგზავროს ტაივანში. „ამან შეიძლება გამოიწვიოს მესამე მსოფლიო ომი“.
ფრიდმანი რამდენჯერმე უხდის ბოდიშს მკითხველს პაციფიზმის გამო და დასძენს, რომ ჩინეთის დასჯა აუცილებელია, მაგრამ მოგვიანებით. უკრაინაში ომი ჯერ არ დამთავრებულა, იქ საქმეები ამერიკელებისთვის ძალიან ცუდად მიდის. აშშ კი თავს უფლებას ვერ მისცემს, ორ ფრონტზე იომოს. ჯერჯერობით საჭიროა ტაივანის იარაღით გავსება და ჩინეთის შეკავება, რათა არ დაიწყოს პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება.
ამჯერად ნენსი პელოსის წითელი ხალიჩა დაუფინეს და ტაივანის პარლამენტში ჩაი მოუდუღეს. მსოფლიომ შვებით ამოისუნთქა. რის დემონსტრირება მოახდინა აშშ-ის კონგრესის ამ გამოხდომამ?
ჯერ ერთი, გაურკვეველია, ვინ და როგორ მართავს აშშ-ის ბირთვულ სახელმწიფოს. ვერც პრეზიდენტმა, ვერც უმაღლესმა სამხედრო პირებმა ვერ შეძლეს, აეკრძალათ პელოსისთვის სამთავრობო თვითმფრინავით გაფრენა.
მეორეც, ამერიკაში ყველაფერი იმდენად ცუდადაა, რომ ისინი კონფლიქტებს გააღვივებენ და ფსონებს გაზრდიან ყველა ცხელ წერტილში. საჭიროა შიდა ქაოსის გარეთ გამოტანა. გლობალური ომი ყველაფერს ჩამოწერს.
ეს უკრაინასაც ეხება, ჩინეთსაც. აღსანიშნავია, რომ აშშ არ ცნობს ჩინეთის სუვერენულ ტერიტორიად არა მხოლოდ ტაივანს, არამედ ტიბეტსაც. ამერიკელებს კითხვები აქვთ ჰონგ-კონგის და სინძინ-უიგურსკის ავტონომიური რაიონის სტატუსთანაც. ვაშინგტონს ძალიან სურს მათი დახსნა პეკინისგან.
მესამე - ვაშინგტონს არ ადარდებს ტაივანელები. ამ დღეებში ხმა არ ამოუღია ტაივანის პრეზიდენტს, დუმდა საზოგადოებაც. მათი გაგება შეიძლება, ისინი პანიკაში იყვნენ.
ბევრ ტაივანელს საერთოდ არ სურდა, პელოსი მათთან რომ ჩასულიყო. მათ საპროტესტო დემონსტრაციის მოწყობაც სცადეს. ომი საერთოდ არ სურთ. კუნძულს შესანიშნავი ბიზნესურთიერთობები აქვს ჩინეთთან. მაგრამ ვინ უსმენს? არც უკრაინელებს სურდათ ომი.
მეოთხე, ვაშინგტონის ევროპელი ვასალები უნდა მოემზადონ. ერთი შეხედვით - სად ევროკავშირი და სად ტაივანი? მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.
ბოლო დროს აშშ ყველაფერს ევროპის გავლით აკეთებს. ჩინეთთან დაპირისპირებაც ევროპელების ხარჯზე მოხდება. მათ აიძულებენ, ჩინეთს სანქციები დაუწესონ, ეს კი მათ ეკონომიკას საბოლოოდ გაანადგურებს.
ჩინეთი დღეს ევროკავშირის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. რუსეთი ამ სიაში მხოლოდ მეხუთე ადგილზეა. თუ მოსკოვთან ვაჭრობის შეწყვეტამ ევროპელები უკან, 90-იანებში დახია, ადვილი წარმოსადგენია, რა მოუვათ, როდესაც ისინი ჩინეთთან ვაჭრობის გაწყვეტას შეეცდებიან.
რასაკვირველია, შტატებისთვის სრულმასშტაბიანი დაპირისპირება ჩინეთთან წამგებიანი იქნება, მაგრამ ამერიკელებისთვის მომზადებულია დამამშვიდებელი პრიზი - სრულად გაკოტრებული ევროპა მათ ფეხქვეშ გაეგება.
პელოსის უგუნურების ფონზე განსაკუთრებით კარგად ჩანს ჩინეთის ხელისუფლების კეთილგონიერება. თვითმფრინავს ხომ არ ჩამოაგდებდნენ?!
ამ დღეებში ჩინეთმა აჩვენა, როგორ უნდა მოიქცეს პასუხისმგებლობის მქონე გლობალური მოთამაშე. ამერიკამ კი დაადასტურა, რომ თავისი გადაუჭრელი პრობლემების ფონზე „მსოფლიო პოლიციელი“ საბოლოოდ შეიშალა და მზადაა, მძევლად აიყვანოს მთელი მსოფლიო.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0