თბილისის მერიამ საფეხბურთო ცენტრ „ავაზას" ტერიტორია დაიბრუნა

© Sputnik / Alexander Imedashviliვარჯიში პარკში
ვარჯიში პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2022
გამოწერა
მნიშვნელოვანი იყო აღნიშნულ სივრცეს შეენარჩუნებინა სპორტული პროფილი, აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. დიღმის მასივის მესამე კვარტალში მდებარე დაახლოებით 13 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო ცენტრი „ავაზა". მისი თქმით, ტერიტორიაზე სპორტული და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

„ეს არის „ავაზას" სპორტული ცენტრი, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო. ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით მოხდა მესაკუთრესთან - შპს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასთან" შეთანხმება, რის საფუძველზეც კომპანიამ სახელმწიფოს საკუთრებაში გადასცა აღნიშნული ნაკვეთი", – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არ განხორციელებულიყო რაიმე ტიპის სამშენებლო სამუშაოები და ამ სივრცეს სპორტული პროფილი შეენარჩუნებინა.
„ტერიტორია 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით პირდაპირი მიყიდვის ფორმით გარკვეული საპრივატიზებო პირობებით 5 ათას ლარად საკუთრებაში გადაეცა შპს „ველაჯიოს", მასზე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სპორტული პროფილის ათი წლის განმავლობაში შესრულების პირობით. ათი წელი გავიდა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ სივრცის შენარჩუნება, რათა იქ არ განხორციელებულიყო სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოები", – აღნიშნა კალაძემ.
კალაძემ ასევე განაცხადა, რომ მერია გეგმავს მოლაპარაკება აწარმოოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და გადასცეს ტერიტორია, რათა მოეწყოს გამართული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სტადიონები.
ყველა ახალი ამბავი
0