გუდაურში დაღუპულთა ცხედრებს ოჯახებში დღეს გადაასვენებენ

© photo: Sputnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2022
გამოწერა
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. თეთრი არაგვის ხეობაში ვერტმფრენის ტრაგედიის ადგილიდან ამოსვენებულ ცხედრებს, რომლებსაც ექსპერტიზის ბიუროში ამ დროისათვის ჯერ ისევ უტარდებათ შესაბამისი ექსპერტიზა, ოჯახებში სავარაუდოდ დღეს გადაასვენებენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მუშაობა დაასრულეს ექსპერტ-კრიმინალისტებმაც და ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ ჩამოვარდა ვერტმფრენი — იყო ეს ტექნიკური გაუმართაობის, ადამიანური ფაქტორისა თუ ქარის შედეგი.
ამ დროისათვის თეთრი არაგვის ხეობაში კვლავ ეძებენ „შავ ყუთს“, რომლის მონაცემებიც გამოძიებას ტრაგედიის მიზეზების გარკვევაში დაეხმარება.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გუდაურთან 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ის ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის ოთხი წევრი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. ყველა მათგანი დაიღუპა.
პარაპლანის ინსტრუქტორი, რომლის გადასარჩენადაც მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაცია, დაშავებულია და ამ დროისათვის საავადმყოფოშია, მასთან ერთად მყოფი პაკისტანელი ტურისტი კი გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0