რატომ იზრდება ეკონომიკა საქართველოში: ექსპერტები ასახელებენ მიზეზებს

© photo: Sputnik / Annabel_P
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2022
გამოწერა
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში მაღალი ეკონომიკური ზრდა განპირობებულია სახელმწიფოს პოლიტიკით, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურ ეკონომიკაზეა ორიენტირებული, აცხადებენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები.
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2022 წლის ივნისში 7.2%-ით მეტი იყო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საშუალო რეალური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 7.2% იყო, ხოლო ექვსი თვის განმავლობაში — 10.5%.
„ეკონომიკური ზრდის ორნიშნა ტენდენციის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გლობალური ეკონომიკის პროგნოზს შემცირებისკენ აკორექტირებენ. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს გარე შოკების მიმართ“, — აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ცინცაძე.
თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„როდესაც საქართველო რთულ რეგიონში, გლობალური კრიზისის პირობებში, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას აღწევს, ეს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მიერ გატარებული მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა. მშვიდობაზე ორიენტირებული, ინვესტიციებისა და ბიზნესის წახალისების პოლიტიკით საბოლოოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდას მივაღწევთ, რაც, რაღა თქმა უნდა, აუცილებლად აისახება მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე“, — განაცხადა დუნდუამ.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა. ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და სასაწყობო, ელექტროენერგიის, გაზმომარაგების, სასტუმროების, რესტორნების სფეროებმა და სამთო მრეწველობამ.
ვარდნა დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობის, სამშენებლო და უძრავი ქონები სტრანზაქციებზე.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
ყველა ახალი ამბავი
0