პრემიერი: ოპოზიციას სურს არა ევროპაში, არამედ ხელისუფლებაში

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2022
გამოწერა
„ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის პირობების შესრულების თავისი გეგმის თაობაზე 1 ივლისს განაცხადა
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს სურს არა საქართველოს ევროკავშირში შესვლა, არამედ ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში დაბრუნება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, უარს აცხადებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის პირობების შესასრულებლად პარლამენტში მმართველ პარტიასთან ერთად მუშაობაზე.
„მათი რეალური მიზანი არ არის ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა. ერთადერთი, რაც მათ ამოძრავებთ, ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნებაა, რაც ფიასკოთი დასრულდა და ასევე დასრულდება მომავალშიც, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება, რომელიც არ დაუშვებს პროვოკაციებს და არავის მისცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში რაღაც არეულობა შემოიტანოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყოველთვის მზადაა დიალოგისთვის, რისთვისაც ყველაფერს აკეთებს.
„ნაცვლად პოლარიზაციის დასრულებისა, ისინი ყოველ დღე ხელს უწყობენ პოლარიზების გაღვივებას. მიუხედავად ამისა, პარლამენტში აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესები მიმდინარეობს, სამუშაო ჯგუფებში მუშაობა დაწყებულია და ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ჩვენ ევროპელ თუ ამერიკელ მეგობრებს არანაირი კითხვა არ დარჩეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის პირობების შესრულების თავისი გეგმის თაობაზე 1 ივლისს განაცხადა. ამ ეტაპზე გათვალისწინებულია შესაბამის კანონპროექტებზე მუშაობა საპარლამენტო კომიტეტებში.
ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება. პუნქტებს შორის არის პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0