რამდენი კომპანია გაერთიანდა? კონკურენციის სააგენტოში მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Goga Vardzieliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
გამოწერა
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო კომპანიების კონცენტრაციების მონიტორინგს ყოველ კვარტალში ახორციელებს.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სხვადასხვა კომპანიების მიერ დარეგისტრირებული კონცენტრაციების მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში 4.902 კონცენტრაცია განხორციელდა.
უწყების ცნობით, 4.898 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა.

„4 შემთხვევაში აღნიშნული კრიტერიუმი დაკმაყოფილებული იყო, მაგრამ 3 მათგანი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა. ერთ შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა სააგენტოსთვის წინასწარ შეუტყობინებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) ან გაფართოების შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ამასთან კონცენტრაციაში მონაწილე თუნდაც ერთი კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია. სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე, ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში კომპანიები მაქსიმუმ 5%-მდე მოცულობით დაჯარიმდებიან.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო კომპანიების კონცენტრაციების ყოველკვარტალურ მონიტორინგს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0