მიმოხილვა: როგორ წვრთნიან ჩეჩნეთში სპეცოპერაციაში მონაწილეობის მსურველებს

© photo: Sputnik / Ilya Pitaliov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
გამოწერა
ივან ზუევი
ჩეჩნეთი გახდა ჰაბი მოხალისეებისთვის მთელი რუსეთიდან. უკრაინაში, სამხედრო ოპერაციის ზონაში მოხვედრამდე ისინი გუდერმესთან, რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტში ემზადებიან. ორ კვირაში ერთხელ სასწავლო ცენტრი უშვებს 200 ადამიანს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებისთვის არიან მომზადებული.

პრაქტიკული მეცადინეობები და გუნდური სულისკვეთება

უნივერსიტეტის ტერიტორია რამდენიმე ასეულ კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. აქ მდებარეობს ათზე მეტი სასროლი გალერეა, ცალკეა გამოყოფილი ადგილები ყუმბარმტყორცნებისა და სნაიპერებისთვის და სხვ.
„ჩვენთან უფრო სწრაფად სწავლობენ, თითქმის ყოველთვის რამით არიან დაკავებული. დილით - პრაქტიკული მეცადინეობები, სადილის შემდეგ - თეორია: საინფორმაციო-იდეოლოგიური, ტაქტიკური, საცეცხლე, საინჟინრო, ტექნიკური, ტოპოგრაფიული და სამედიცინო მომზადება“, - ჰყვება ინსტრუქტორი ელბეკ ალბასტოვი.
„ორ კვირაში ვერ შექმნი სპეცრაზმელს, მაგრამ შესაძლებელია აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება, რათა ადამიანმა იცოდეს, როგორ მოეპყროს იარაღს სწორად“, - დასძენს მისი კოლეგა შამხან მუსხანოვი.
კურსის მთავარი ამოცანაა - თანამშრომლობისა და გუნდური სულისკვეთების გამომუშავება, ასევე იარაღის იმ სახეობების გამოყენების სწავლება, რომლით სარგებლობაც მოუწევთ. ინსტრუქტორებს შორის არიან სპეცოპერაციის მონაწილეები.
სპეცრაზმის უნივერსიტეტი არ არის დაკავებული მოხალისეების შეგროვებითა და სპეცოპერაციის ზონაში მათი გაგზავნით. მოხალისეები სასწავლო ცენტრში მას შემდეგ ხვდებიან, რაც კონტრაქტს მოაწერენ ხელს.

მოხალისეობრივი ინტერნაციონალი

რუსეთში მოხალისეობრივი მოძრაობა 2014 წლიდან ვითარდებოდა, როდესაც ანტიკონსტიტუციური გადატრიალების შედეგად უკრაინის სათავეში მოსულმა პოლიტიკოსებმა გამოაცხადეს ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.
2014 წლის გაზაფხულზე დონბასში ათასობით მოხალისე წავიდა არა მხოლოდ რუსეთიდან. სპეცოპერაციის დაწყებამდე ორგანიზაციაში 16 ათასი ადამიანი ირიცხებოდა, რომლებმაც დონბასის რესპუბლიკებში სამხედრო სამსახური გაიარეს.
რუსეთის გენშტაბის მონაცემებით, სპეცოპერაციის დაწყებიდან ერთ თვეში მსოფლიოს 37 ქვეყნიდან 23 ათასზე მეტმა ადამიანმა გააკეთა სპეცოპერაციაში მონაწილეობის განაცხადი, თუმცა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში მათ უარი უთხრეს.
მოხალისეებს სხვა გზების ძიება მოუხდათ. ბევრი საომარი ოპერაციის ზონაში ჩეჩნეთის რესპუბლიკაში დადებული კონტრაქტის საფუძველზე გაემგზავრა.
მოხალისეების ასაკი 23-დან 49 წლამდე მერყეობს.
სპეცრაზმის უნივერსიტეტში მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს ასწავლიან, მაგრამ მოხალისეებს შორის სხვადასხვა ეროვნების ადამიანები არიან.
„სამოქალაქო ომი, ნგრევა, სიკვდილი, ყველაფერი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. დღეში ათ კაცს ვმარხავდი, შიმშილი, სიცივე. როდესაც ამას ტელევიზორში ვუყურებ, მესმის, რომ საჭიროა მოძმე ხალხის დახმარება. პაპაც ომში იბრძოდა, 1945 წელს გმირის წოდება მიიღო“, - ამბობს ტაჯიკი ჯამშიდი.
ყაზახი ხანი სამხედრო პენსიონერების რიგებიდანაა, თუმცა ამის აღიარებას კამერებთან ერიდება. ამბობს, რომ ჩავიდა დასახმარებლად, რადგან რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში იბრძვის ნატო.

პრაქტიკული ევრაზიელობა

ჩეჩნებს ჟურნალისტებისგან აინტერესებთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ საბრძოლო მოქმედებების ზონაში.
„კარგი. დევნილები თავად ჰყვებიან, რომ ჩეჩნები მარიუპოლის შტურმის დროს ბევრს ეხმარებოდნენ“, - პასუხობენ მათ.
„ეს იმიტომ, რომ ჩვენთანაც იყო ომი“, - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.
ჩეჩნეთის რესპუბლიკას, სადაც 20 წლის წინ ომი იყო, ახლა სპეცოპერაციის ზონაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ეს მიუთითებს, რომ რუსეთის პოლიტიკა სხვადასხვა ხალხის, კულტურისა და რელიგიის ინტეგრაციის კუთხით საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა, ფიქრობს ბელარუსი პოლიტოლოგი ალექსეი დზერმანტი.

„გაერთიანების გამოცდილება - თუ გნებავთ, იმპერიული უწოდეთ მას - ეს ის არის, რასაც რუსეთი კარგად აკეთებს. რასაკვირველია, ეს გამოცდილება განსხვავდება ევროპულისგან, სადაც ჩვენ ვხედავთ პრობლემებს მუსლიმებთანაც, სხვადასხვა ერის ინტეგრაციის კუთხითაც. შემთხვევით არ უწოდებს რამზან კადიროვი შაითანებს იმათ, ვის წინააღმდეგაც მისი მეომრები იბრძვიან. ეს ნიშნავს, რომ საბაზო ფასეულობების, მორალურ-ეთნიკური წარმოდგენების დონეზე რუსეთის ხალხებს საერთო ბაზა აქვთ. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში ამას მხარს უჭერენ. ამას წინათ ტუვაში ვიყავი და იქ დავინახე ანალოგიური მხარდაჭერა რუსეთის მოსახლეობის ბუდისტური ნაწილის მხრიდანაც. ადამიანები აქტიურად ერთვებიან ჯარის მხარდაჭერაში და მოხალისეებად მიდიან. ესაა პრაქტიკული ევრაზიელობა, რომელიც რუსეთში ცოცხლობს და, ჩემი აზრით, სწორედ ეს აძლიერებს მას“, - ამბობს პოლიტოლოგი.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0