ავლაბრის მოედანზე 30 ივლისიდან ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

© photo: Sputnik / Stringerტრანსპორტი
ტრანსპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
გამოწერა
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ავლაბრის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 30 ივლისიდან ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერია ავლაბრის მოედნისა და მეტროს სადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა-განახლებას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება მეტროს სადგურის მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ კედელს. ასევე განახლდება ავლაბრისა და ერევნის სკვერები, მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, განათებები და სარწყავი სისტემები.
უწყების ცნობით, მოედნის რეაბილიტაციის პერიოდში ბარათაშვილის აღმართიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავლაბრის მოედნიდან წურწუმიას, ზურაბაშვილისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების გავლით. რაც შეეხება წურწუმიას ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით გადაადგილებას, მოძრაობა დასაშვები იქნება თელავის, ბოჭორმისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების გავლით.
სარემონტო სამუშაოების პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მარშრუტით:
ავტობუსები - N305, N309, N325, N333, N337 N393 ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს, გორგასლის ქუჩის, 300 არაგველის ხიდის, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.
ავტობუსები - N305, N309, N325, N333, N393 ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ, ხოლო ავტობუსი N337 ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან მოძრაობას უკვე არსებული სქემით შეძლებს.
მიკროავტობუსები - N462, N472, N528, N534 N540 ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან, რის შემდეგაც წურწუმიას, ზურაბაშვილისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების გავლით ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან, საიდანაც მეტროს სადგურ „ისნის“ მიმართულებით დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
ამ დროისათვის უცნობია, თუ რამდენი ხნით იმოქმედებს ავტომობილებისა და საზოგადოებრივ ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა.
ყველა ახალი ამბავი
0