გემრიელი, მსუბუქი და სწრაფი: ყვავილოვანი კომბოსტოს საზაფხულო სალათი - რეცეპტი

© Pixabay / misskursovie2013ყვავილოვანი კომბოსტო
ყვავილოვანი კომბოსტო - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
ყვავილოვანი კომბოსტოთი მომზადებული კერძები ბევრს უყვარს. მაგრამ ზოგმა არ იცის, რომ მისი შეწვა ან მოხარშვა სულაც არ არის აუცილებელი.
ყვავილოვანი კომბოსტო თერმული დამუშავების გარეშეც შესანიშნავი ინგრედიენტია საზაფხულო მსუბუქი სალათის მოსამზადებლად.
თუმცა, სანამ რეცეპტს გაგაცნობთ, მცირე ინფორმაციას შემოგთავაზებთ ამ ბოსტნეულის შესახებ.
ყვავილოვანი კომბოსტო მთელი რიგი სასარგებლო ნივთიერებების, მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების წყაროა. შეიცავს 1,5–2-ჯერ მეტ ცილას და 2–3-ჯერ მეტ C ვიტამინს, ვიდრე თეთრი კომბოსტო. გარდა ამისა, მასში შედის ვიტამინები: B6, B1, A, PP, ასევე მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, კალციუმი და რკინა.
100 გრამ ყვავილოვან კომბოსტოში სულ 30 კილოკალორიაა. მასში შემავალი ტარტანის მჟავა ხელს უშლის ცხიმოვანი ნადებების წარმოქმნას. ამიტომ დიეტოლოგები წონაში დაკლების მსურველებს ურჩევენ, აუცილებლად შეიტანონ რაციონში ეს ბოსტნეული.

ყვავილოვანი კომბოსტოს სარგებელი

ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს;
ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი;
აუმჯობესებს საჭმლის მონელებას;
ამცირებს თანდაყოლილი დეფექტების რისკს;
აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები;
აუცილებელია გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად;
ემსახურება ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკას.
ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ყვავილოვანი კომბოსტო არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც კუჭის მაღალი მჟავიანობა, წყლული, ნაწლავის სპაზმები ან მწვავე ენტეროკოლიტი აწუხებს. ამ ბოსტნეულისგან თავი უნდა შეიკავონ იმ ადამიანებმაც, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გაიკეთეს მუცლის ღრუს ან გულ-მკერდის არეში ოპერაცია.

ახლა კი დაპირებული რეცეპტი, რომლისთვისაც დაგჭირდებათ:

ყვავილოვანი კომბოსტო — 300 გ;
კამა — 3-4 ღერი,
ნიგოზი (დაკეპილი ან გატარებული) — 2-3 სუფრის კოვზი;
მაიონეზი — ორი სუფრის კოვზი;
მარილი — გემოვნებით.

მომზადების წესი

მოათავსეთ მთლიანი ყვავილოვანი კომბოსტო მარილიან წყალში 20-30 წუთით. შემდეგ კი ამოიღეთ და დაჭერით.
არ დაგავიწყდეთ: მოხარშვა საჭირო არ არის!
დაჭრილ კომბოსტოს დააყარეთ კამა და ნიგოზი, მოასხით მაიონეზი და კარგად ამოურიეთ.
ესაა და ეს, თქვენი უგემრიელესი და სასარგებლო სალათი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!

ყველა ახალი ამბავი
0