პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი დააკავა, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის სპეცოპერაცია
პოლიციის სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი დააკავა, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით ქვემო ქართლში, იმერეთსა და დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში, დაკავებულია 14 პირი, აქედან ოთხი წარსულში ნასამართლევია.
რაც შეეხება დაკავებულ კიდევ ექვს პირს, მათ ბრალი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, აგრეთვე ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მცდელობაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებაში, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვაში, ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.
აღნიშნული პირებიდან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ხოლო ოთხი – წარსულში ნასამართლევი.
როგორც შსს იუწყება, მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს>>
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, ასევე მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
სამართალდამცველებმა თბილისში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს.
დაკავებული ნარკორეალიზატორების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მიღებული ფული.
მაგალითად, თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი, „მეტამფეტამინი“ , „თებაინი“, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერება და სხვა სახის ნარკოტიკები.
აჭარის პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო 560 აბი „სუბუტექსი“, დიდი ოდენობით ჰეროინი, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, გამომშრალი მარიხუანა, ორი რევოლვერი და ვაზნები.
დანაშაული საქართველოში: 2022 წლის ბოლო მონაცემები>>
პოლიციამ შიდა ქართლში წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირის საცხოვრებელ სახლში, ეზოსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 43 კილოგრამი კანაფი, ასევე 813 გრამი გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ნარკოდანაშაულის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა (260-ე, 261-ე, 19-260-ე, 262-ე, 265-ე, 276-ე, 236-ე და 273-ე პრიმა) მუხლებით მიმდინარეობს, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უწყება ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელების და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აქტიურად განაგრძობს.
წყარო: შსს
ყველა ახალი ამბავი
0