მოსაზრება: რისთვის სჭირდებათ ნატოს ჯონსონისთვის გადაცემა

© photo: Sputnik / Justin Griffith-Williams / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
მიხაილ კატკოვი
მასმედიამ დიდი ბრიტანეთის მთავრობიდან მიმავალ ბორის ჯონსონს უკვე ახალი სამსახური – ნატოს გენერალური მდივნის ადგილი გამოუძებნა. კონსერვატიულ პარტიას იდეა მოსწონს. ზოგიერთი ჯონსონს „ერის სირცხვილად“ მიიჩნევს, მაგრამ რუსეთთან მთავარი მებრძოლის როლი მისთვის შესაფერისია.

დასავლეთის „ქორი“

ნატოს ახალი გენერალური მდივანი 2023 წელს უნდა აირჩიონ. The Telegraph-ის აზრით, ბორის ჯონსონი ამ თანამდებობისთვის შესაფერისი კანდიდატია მისი აქტიური ანტირუსული პოზიციის წყალობით. გარდა ამისა, როგორც ყოფილი მინისტრი დევიდ ჯონსონი ამტკიცებს, სწორედ მისმა მოგვარემ დაიყოლია შვედეთი და ფინეთი, გაეკეთებინათ ალიანსში გაწევრიანების განაცხადი.
კონსერვატიულ პარტიაში ინიციატივას მხარს უჭერენ. თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტში წარმომადგენლის რიჩარდ დრაქსის თქმით, ჯონსონი გამოჩენილი ბრიტანელია. ამასთან, მას შეუძლია კიევის ლობისტურ პოტენციალს დაეყრდნოს.
ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე ჯონსონი, პირველ რიგში, სასარგებლო იქნება აშშ-სთვის, რომელიც ევროპელი მოკავშირეებისგან რუსეთთან ბრძოლაში სიმტკიცეს ელის. დასავლურ მასმედიას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ევროკავშირის ბევრი სახელმწიფო მხარს უჭერს ან მოსკოვთან დიალოგს, ან დემონსტრაციულად ემიჯნება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს. ჯონსონის ეპატაჟურობა კი მათ პოზიციას შეაცვლევინებს.
ბრიტანელის სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ მან 2030 წლისთვის ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ის 2,5 პროცენტამდე გაზრდის პირობა დადო, აღნიშნავს Mirror. ალიანსისთვის ხელსაყრელია, თუ ჯონსონი ამ მცდელობას გენერალური მდივნის როლში გააგრძელებს.

შიდა განხეთქილება

ჯონსონი შეიძლება ნატოს მეოთხე გენერალური მდივანი გახდეს დიდი ბრიტანეთიდან, მაგრამ არიან სხვა კანდიდატებიც. 2021 წელს მასმედიამ პრეტენდენტებს შორის დაასახელა გერმანიის, ხორვატიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ყოფილი ხელმძღვანელები: ანგელა მერკელი, კოლინდ გრაბარ-კიტაროვიჩი, დალია გრიბაუსკაიტე და კერსტი კალიულაიდი.
დიდი ბრიტანეთის მიმავალ პრემიერს ალბათ მხარს დაუჭერენ კანადა, პოლონეთი, რუმინეთი, ბალტიისპირეთი, ჩეხეთი, ხორვატია და სხვა რუსოფობიური ქვეყნები. მაგრამ საკითხი გადაწყვეტილი ჯერ არ არის.
ჯონსონის წინააღმდეგ შეიძლება გამოვიდნენ ევროკავშირის ლიდერები. მაგალითად, The Telegraph-ს ეჭვი ეპარება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი – ევროპული ინტეგრაციის მთავარი გულშემატკივარი მხარს დაუჭერს ადამიანს, რომელმაც ლონდონი ევროკავშირიდან გაიყვანა. არც გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იქნება აღფრთოვანებული ნატოს ხელმძღვანელის სავარძელში ჯონსონის ხილვით.
კიდევ უფრო რთულადაა საქმე თურქეთის პრეზიდენტ თაიფ რეჯეფ ერდოღანთან. შვედეთისა და ფინეთის ნატოში მიღების პროცესი დღემდე არ დასრულებულა – ანკარა სანაცვლოდ ამერიკულ გამანადგურებლებსა და ქურთების გადაცემას ითხოვს. თურქეთი კი ნატოში ჯარის სიდიდით მეორე ადგილზეა.
ნატოს წესდების თანახმად, გენერალურ მდივანს ერთხმად ირჩევენ. პრაქტიკაში ამას აღწევენ არაოფიციალური დიპლომატიური კონტაქტების მეშვეობით. მაგალითად, 2009 წელს ანკარა ანდერს ფოგ რასმუსენის არჩევის წინააღმდეგი იყო, მაგრამ მის კანდიდატურას ვეტო არ დაადო.

მთავარი მტერი

ნატოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი იენს სტოლტენბერგი წელს უნდა გადამდგარიყო, მაგრამ უკრაინული კრიზისის გამო ალიანსში მოცდა გადაწყვიტეს. სტოლტენბერგს მერყეობაში ადანაშაულებენ. ის არა მხოლოდ რუსეთთან დიალოგს უჭერდა მხარს, არამედ უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის წინააღმდეგაც გამოვიდა. ივნისის ბოლოს მადრიდში ნატოს სამიტი გაიმართა, რომელზეც მოსკოვს „მოკავშირეთა უსაფრთხოების ყველაზე დიდი და პირდაპირი საფრთხე“ უწოდეს. ამ რეალობის გათვალისწინებით, ალიანსს აშკარად სჭირდება უფრო რადიკალური გენერალური მდივანი, ამბობენ „რია ნოვოსტის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები.
ჯონსონი სათავეში ჩაუდგა ქვეყნების ჯგუფს ევროპაში, რომლებიც ითხოვდნენ, რომ უკრაინას რუსეთთან გამარჯვებამდე ეომა, ამბობს ანალიტიკოსი ტატიანა პარხალინა.
„გენერალური მდივანი ალიანსის წევრებს კოორდინირებას გაუწევს და შესთავაზებს მათ პრობლემების მოგვარების საკუთარ გზებს. თუ 2023 წლის შემოდგომისთვის დასავლეთში შენარჩუნდება მოსკოვთან კონფრონტაციის მხარდამჭერზე მოთხოვნილება, ჯონსონის არჩევა სავსებით რეალურია“, – ამბობს იგი.
ჯონსონის ეპატაჟი ალიანსში ზეიმის ატმოსფეროს შეიტანს, მაგრამ ეს ყველას არ გაახარებს, ფიქრობს ექსპერტი ფიოდორ ლუკიანოვი. „ჯონსონი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას. მისი სიმტკიცე ზოგს თავდაჯერებას მატებს, ზოგს აშინებს, რადგან ყველა არ არის მზად ცეცხლში გადასაშვებად. ჯონსონის არჩევა არ შეცვლის ნატოს დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ, ვინაიდან გენერალური მდივნის როლში მას არ ექნება სათანადო ფუნქციონალი, თუმცა ის შეძლებს ბლოკის მონაწილეთა პოლარიზებას“, – ამბობს პოლიტოლოგი.
მეორე მხრივ, ნატოს ბიუროკრატიული აპარატი ჯონსონზე კონტროლს შეინარჩუნებს და არ დაუშვებს, რომ მისი ხასიათის თავისებურებებმა ალიანსის სტრატეგიული ინტერესები უკანა პლანზე გადასწიოს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პაუსხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0